
რუსული სამხედრო დრონი რუმინეთში შეიჭრა და კორპუსს დაეჯახა - როგორია გამოხმაურებები?
რუმინეთის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ გალაცში საცხოვრებელ კორპუსს რუსული უპილოტო საფრენი აპარატი დაეცა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად შენობაში ხანძარი გაჩნდა და ორი მოქალაქე დაშავდა.
ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, დრონის აფეთქებით გამოწვეულმა მუხტმა მთლიანი ნაგებობა დააზიანა. აღსანიშნავია, რომ საცხოვრებელი სახლის მეათე სართულზე გაჩენილი ხანძრის გამო, მაშველებმა 70-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. დაშავებულ პირებს კი პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა უმაღლესი თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. მან მომხდარს უკრაინაში მიმდინარე ომის პერიოდში, რუმინეთის ტერიტორიაზე მომხდარი ყველაზე სერიოზული ინციდენტი უწოდა. მისივე განკარგულებით, საჰაერო სივრცეში დრონების დაფიქსირების შემდეგ, ქვეყანამ ორი F-16 ტიპის გამანადგურებელი და ვერტმფრენი ააფრინა.
რუმინეთის საგარეო უწყებამ ინციდენტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან უპასუხისმგებლო ესკალაციად შეაფასა და მოსკოვის ელჩი დაიბარა.
საერთაშორისო პარტნიორებმა რუმინეთს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მომხდარი "რუსეთის უპასუხისმგებლო ქცევად" შეაფასა და თქვა, რომ მსგავსი ფაქტები საფრთხეს ყველას თანაბრად უქმნის. რაც შეეხება ევროკავშირის ლიდერებს, მათ ინციდენტი რუმინეთის სუვერენიტეტისა და ევროპული საჰაერო სივრცის უხეშ დარღვევად შეაფასეს. ევროპული კომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოსკოვის აგრესიული ქმედება "წითელი ხაზის კიდევ ერთ გადაკვეთად" შეაფასა და სანქციების 21-ე პაკეტი დააანონსა.
საყურადღებოა, რომ რუსეთის ფედერაციას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, უკრაინაში მიმდინარე ოთხწლიანი ომის განმავლობაში, რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება. მიმდინარე წლის აპრილში ქალაქ გალაცში ორი დრონი აღმოაჩინეს, თუმცა მოსკოვს მათთან კავშირი არც დაუდასტურებია და არც უარუყვია.