
საავიაციო საწვავზე კლების ტენდენციაა, შესაძლოა, ფასი კიდევ 10%-ით შემცირდეს - ანდღულაძე
„ჯორჯიან პეტროლიუმის“ კომერციული დირექტორი გიორგი ანდღულაძე ამბობს, რომ მსოფლიო ბაზარზე საავიაციო საწვავის გაიაფება ქართულ ბაზარზე უკვე აისახა.
როგორც მან BMG-ის უთხრა, ამჟამად Platts-ის ინდექსი ერთ ტონა საწვავზე 1600 დოლარიდან 1300 დოლარამდეა შემცირებული.
"ფასები ნამდვილად შემცირებულია. თავად „პლაცის“ (Platts) პლატფორმაზე საავიაციო საწვავით ვაჭრობა აპრილის მეორე ნახევრიდან დასტაბილურდა და ღირებულება დაახლოებით 15%-ით შემცირდა. ეს ბუნებრივია, ჩვენს ბაზარზეც აისახება. ვინაიდან ქართულ ბაზარზე ფასწარმოქმნისას ორკვირიან საშუალო მაჩვენებელს ვიყენებთ, ფასების შემდეგი განახლება 16 მაისიდანაა მოსალოდნელი. ტენდენცია კლებადია და შესაძლოა, ღირებულება კიდევ 10%-ით შემცირდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე დღეა საავიაციო საწვავი მცირედი მატებით ივაჭრება, ორკვირიანი საშუალო მონაცემების საფუძველზე, მაინც ფასების კლებას ვვარაუდობთ", - ამბობს ანდღულაძე.
მისივე ინფორმაციით, კონფლიქტამდე Platts-ის ინდექსი ტონაზე 800 დოლარს შეადგენდა, ირანის ომის გამო კი 1600 დოლარამდე გაძვირდა. საავიაციო საწვავი, რომელიც საჰაერო ხომალდის ბორტზე მიწოდებისთვისაა განკუთვნილი, არ იბეგრება აქციზითა და დღგ-ით და ღირებულება მხოლოდ შესყიდვის ფასსა და ლოგისტიკურ ხარჯებს მოიცავს.
„ფასნამატი ნარჩუნდება, რადგან აპრილის დასაწყისში მკვეთრი, დაახლოებით 100%-იანი მატება დაფიქსირდა, ახლა კი ფასი ნელ-ნელა კლებას იწყებს. რაც შეეხება ეფექტს ავიაკომპანიებზე, ეს ჩვენს ბაზარზე პირდაპირ აისახება, ვინაიდან საწვავის მიწოდება ფორმულის მიხედვით, ორ კვირაში ერთხელ განახლებული ფასებით ხდება. აქედან გამომდინარე, კლება ავიაკომპანიებზე პირდაპირ აისახება. თუმცა ფასების ასეთი მკვეთრი ზრდის გამო მათ დაგეგმვა უჭირთ, ამიტომ კრიზისი კვლავ ნარჩუნდება.
ჩვენთან აღრიცხვა ტონაჟის მიხედვით ხდება, ფასი კი „პლაცის“ (Platts) ინდექსზეა დამოკიდებული. თუ კონფლიქტის დაწყებამდე „პლაცის“ ინდექსი 1 ტონაზე 800 დოლარის ფარგლებში იყო, მარტის არეულობის შემდეგ იგი გაორმაგდა და 1600 დოლარამდე გაიზარდა. ამჟამად ინდექსმა კლება დაიწყო და 1300 დოლარამდეა ჩამოსული.
ჩვენი მომხმარებლები არიან ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Lufthansa-ს ჯგუფი (Austrian Airlines, Edelweiss, Swiss), არაბული ავიაკომპანიები (Qatar Airways, flydubai) და ისრაელის ავიახაზები. მათზე არსებული პოლიტიკური სიტუაცია პირდაპირ მოქმედებს, რის გამოც ბევრი რეისი გააუქმეს, თუმცა ვინაიდან საქართველოს ბაზარი მათთვის მცირეა, ჩვენს მიმართულებაზე რეისების გაუქმება ჯერჯერობით არ იგეგმება", - გვეუბნება ანდღულაძე.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით, საწვავზე ფასი 10%-ით შემცირდა და ბარელზე 163 დოლარი შეადგინა. კვირის ჭრილში კლების მიუხედავად, ირანის ომის გამო საწვავი კვლავ გაძვირებულია და წინა წელთან შედარებით 81%-იან ზრდას აჩვენებს.
IATA-ს მიერ გამოქვეყნებული ფასი არის საშუალო მაჩვენებელი და რეგიონების მიხედვით განსხვავდება. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ცნობით, ევროპაში საწვავზე ფასი 165 დოლარს აღწევს, აზიის საშუალო ფასი 159 დოლარია, ჩრდილოეთ ამერიკაში კი ბარელი 163 დოლარი ღირს.
BM.GE
წყარო: bm.ge