
"სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს ახალი ბაზრების მოძიებაში"|როგორ გადავარჩინოთ ავტოჰაბის ფუნქცია?
„ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ნონიაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ავტოჰაბის სტატუსის შენარჩუნებისთვის საჭიროა, „სახელმწიფო აქტიურად ჩაერთოს ახალი ბაზრების მოძიებაში“.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც ავტოინდუსტრიის სექტორის გამოწვევებზე ვრცლად ისაუბრა.
საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ოთხ თვეში ქვეყნიდან 537 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით ნაკლებია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კლების უმთავრესი მიზეზი ცენტრალური აზიის ბაზრებზე - ყირგიზეთში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში ექსპორტის მკვეთრი შემცირებაა.
„ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ნონიაძე მიიჩნევს, რომ ავტომობილების რეექსპორტში პრობლემები მოულოდნელად არ დაწყებულა - ის ბოლო ორი წლის განმავლობაში ეტაპობრივად მწიფდებოდა, თუმცა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან, ეკოლოგიაზე ზრუნვის მოტივით, როგორც - 6 წელზე უფროსი, ისე 3-დან 6 წლამდე ასაკის ავტომობილების განბაჟების გაძვირებამ და საგარეო ფაქტორებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმა.
მისiვე თქმით, სტატისტიკური ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საქართველო აღარ არის ავტომობილების ერთადერთი და უალტერნატივო წყარო.
„2023 წლის პირველ კვარტალში ყაზახეთში იმპორტით სულ 400 მილიონი დოლარის ავტომობილი შევიდა, საიდანაც 147 მილიონი დოლარის წილი (ბაზრის 36%) საქართველოზე მოდიოდა. მომდევნო წლის ანალოგიურ პერიოდში ყაზახეთის საერთო საიმპორტო ბაზარი 77 მილიონი დოლარით გაიზარდა, თუმცა საქართველოდან შესული ავტომობილების მოცულობა 86 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს დინამიკა ადასტურებს, რომ რეგიონში ახალი მოთამაშეები გააქტიურდნენ, რომელთა შორის უმთავრესი ჩინური ავტოწარმოებაა. ჩინეთი გეოგრაფიულად უშუალოდ ესაზღვრება ცენტრალურ აზიას და იქ პირდაპირ აწვდის საკუთარ ელექტროავტომობილებს. ლოგისტიკური თვალსაზრისით, სრულიად ალოგიკურია ჩინურმა ავტომობილმა ჯერ ცენტრალური აზია გამოიაროს, შემოვიდეს საქართველოში და შემდეგ ისევ უკან, იმავე რეგიონში დაბრუნდეს რეექსპორტით. უფრო მეტიც, არსებობს რეალური რისკი იმისა, რომ ყირგიზეთი და ყაზახეთი თავად გახდნენ ჩინური ავტომობილების ჰაბები რეგიონისთვის, მათ შორის სომხეთისა და აზერბაიჯანისთვის, რაც საქართველოს ფუნქციას კიდევ უფრო შეასუსტებს“, - განაცხადა „ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა.
„ავტოიმპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის აზრით, გამოსავალი ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაშია (მაგალითად, ახლო აღმოსავლეთისა თუ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები), რაც სიღრმისეულ კვლევასა და დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს.
„ვინაიდან ბაზარი დანაწევრებულია და მცირე თუ საშუალო დილერებს ინდივიდუალურად ამის სახსრები და სტიმული არ გააჩნიათ, პროცესში სახელმწიფო აქტიურად უნდა ჩაერთოს, თუნდაც დიპლომატიური არხების გამოყენებით.
საქართველომ დაკარგა ე.წ. „ბუნებრივი მონოპოლისტის“ ფუფუნება, რასაც მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა განაპირობებდა. დღეს დარგის გადასარჩენად აუცილებელია ხელისუფლების მხრიდან მიდგომების რადიკალური შეცვლა, ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაცია და გრძელვადიანი, სტრატეგიული ხედვის შემუშავება, რათა ქვეყანამ შეინარჩუნოს რეგიონული ავტოჰაბის სტატუსი და ათიათასობით სამუშაო ადგილი“, - აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.
"შემოდგომისთვის ავტოინდუსტრიის ბაზარი განახევრდება" - რა არის გამოსავალი|ანალიზი და პროგნოზები
BM.GE
წყარო: bm.ge