
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ბოლო ეტაპი დამოუკიდებელი ბორდების არსებობა იქნება - კაკაურიძე
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კომპანიებში დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭოების არსებობა იქნება.
როგორც გიორგი კაკაურიძემ BMG-სთან სავალუტო ფონდის მიერ გაკეთებული შეფასების კომენტირებისას განაცხადა, დღეს სახელმწიფო კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოებში სამინისტროების წარმომადგენლებიც არიან, რაც ამ ეტაპზე საჭიროებას წარმოადგენს.
საქმე ისაა, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, მნიშვნელოვანია უზრუნველყოფა, რომ სახელმწიფო კომპანიები იმართებოდნენ კომერციული ორიენტაციით და პოლიტიკური გავლენის გარეშე.
ფონდის ტექნიკური მისიის ანგარიშში კი ნათქვამია, რომ სახელმწიფო საწარმოების სამეთვალყურეო საბჭოების დანიშვნასა და გათავისუფლებაში პოლიტიკური ჩარევა მნიშვნელოვნად ამცირებს სახელმწიფო საწარმოების მმართველი ორგანოების პროფესიონალიზმს და დამოუკიდებლობას. ამასთან, ფონდი აღნიშნავს, რომ კომპანიების საბჭოს შერჩევის, დანიშვნისა და გათავისუფლების ფორმალიზებული პროცესების არარსებობა ზღუდავს სახელმწიფო საწარმოების მმართველობის ეფექტურობას.
კაკაურიძის თქმითვე, რეფორმის შედარებით გრძელვადიანი გეგმა მოიცავს იმას, რომ საწარმოების აქციონერის, მმართველობითი საბჭოს და მენეჯმენტის ფუნქციები მკაფიოდ იყოს გამიჯნული ერთმანეთისგან. მისი განცხადებით, ეს მიმართულებები სახელმწიფო საწარმოების განახლებულ სამოქმედო გეგმაში იქნება ასახული.
“სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით განახლებული სამოქმედო გეგმა მოიცავს მთლიანად ყველა რეკომენდაციას, რომელიც ასახულია [სავალუტო ფონდის] მისიის ანგარიშში. ზოგადად, მომავალში როდესაც საწარმოები დადგებიან სწორ მიმართულებაზე, ბორდების, მმართველობითი საბჭოების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ძირითად საწარმოებში ახლა არის სამეთვალყურეო საბჭოებში წარმოდგენილი სამინისტროების მხრიდან [წევრები]. ეს მიმართულება იქნება გაგრძელებული, ვიდრე რეფორმა არ დასრულდება. რეფორმის დასრულების ბოლო ეტაპი იქნება უკვე დამოუკიდებელი ბორდების [არსებობა], მეტწილად დამოუკიდებელი, თორემ არც ერთ ქვეყანაში არ არის, რომ სრულად დამოუკიდებელი წევრებისგან იყოს [სახელმწიფო საწარმოების] ბორდი დაკომპლექტებული, ვინაიდან სახელმწიფო ინტერესი ამ საწარმოში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი.