
სამართალდამცველებისთვის ქრთამის გადაცემის პირობით ₾110 000 მოითხოვა - თაღლითობისთვის დაკავებულია ადვოკატი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტმა თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდებულის დას საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ თანხას სთხოვდა.
გამოძიების ვერსიით, ადვოკატმა ქალს თავდაპირველად 10 000 ლარი მოსთხოვა და განუცხადა, რომ თანხას შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გადასცემდა, რომლებიც მისი ძმის საქმეზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს მოაგვარებდნენ.
უწყების ცნობით, მოგვიანებით ადვოკატმა მსჯავრდებულის დას დამატებით 100 000 ლარი მოსთხოვა. მან ქალს უთხრა, რომ ამ თანხიდან 40 000 ლარი პროკურატურისთვის უნდა გადაეცა, რათა საპროცესო შეთანხმება უფრო ხელსაყრელი პირობებით გაფორმებულიყო, ხოლო დარჩენილი 60 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მსჯავრდებულის ოჯახის წევრმა ადვოკატს საკითხის მოსაგვარებლად 10 000 ლარი გადასცა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადვოკატი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
BM.GE
წყარო: bm.ge