
„სამარცხვინო წინადადებები“ - კობახიძე ევროკომისიის ანგარიშზე
ეს არ არის მწვავე ანგარიში. მწვავე ეს ანგარიში მაშინ იქნებოდა, თუ იქნებოდა ფაქტებზე დაფუძნებული. ნული სიმწვავე აქვს ამ ანგარიშს იმიტომ, რომ არც ერთი შენიშვნა არ არის დაფუძნებული რაიმე მყარ არგუმენტზე, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროკომისიის ანგარიშს შეეხებოდა.
მისივე თქმით, მწვავეა ეს ანგარიში მისი ავტორებისთვის.
„შესაბამისად, მწვავედ ვერ შევაფასებთ ამ ანგარიშს. მწვავეა მისი ავტორებისთვის. ეს ანგარიში არის მწვავე მისი ავტორებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ვერ მოახერხეს ფაქტებზე დაფუძნებით რაიმე კრიტიკული შენიშვნის წარმოდგენა, ეს არის ძალიან სამწუხარო მოვლენა,“- აღნიშნა პრემიერმა.
კობახიძე აცხადებს, რომ ანგარიშში ასახული მოთხოვნები სასამართლო სისტემაში „ვეტინგის“ (მოსამართლეთა კეთილინდისიერების შემოწმება) დანერგვასა და კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით სამართლის უზენაესობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
კობახიძის თქმით, ევროკომისიის დოკუმენტში მოსამართლეების გარედან დანიშვნის იდეა დასავლური ინსტიტუტების მხრიდან დემოკრატიული ღირებულებების გაუაზრებლობაზე მეტყველებს, ხოლო დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნა ძალადობრივი ქმედებების წახალისებას უთანაბრდება.
„პირდაპირ ვხედავთ, სადამდე არის დასული ევროპული ბიუროკრატია. როდესაც საუბარია იმაზე, რომ მოსამართლეები გარედან უნდა დაგვინიშნონ, ეს ნიშნავს იმას, რასაც ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში ვამბობდით, რომ ევროპული ბიუროკრატია ვერ იაზრებს სამართლის უზენაესობის და დემორკატიის მნიშვნელობას. ამიტომ გამოდის ასეთი წინადადებებით, რაც სამარცხვინოა მინდა გითხრათ.
როდესაც ისინი თვითნებურად დაკავებულ პირებზე საუბრობენ, მე მინდა შეგახსეენოთ, რომ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც მოლოტოვის კოქტეილს ისვრიდნენ და სხვა ტიპის ძალადობაში მონაწილეობდნენ. გვარებით მოგვაწოდონ სია, ვის გულისხმობენ. ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ ეს სია, თუმცა ვერ მოგავწოდეს. მერე რა გაირკვეოდა - უნდა მოწოდებინთ ისეთი ადამიანებსი სია, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, ძალადობის აქტებში იყვნენ ჩართულები, დამხობას აორგანიზებდნენ, სწორედ ამიტომ ვერავითარ სიას ვერ გვაწვდიან. ეს კიდევ ერთელ აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის მძიმე სახეს.“
პრემიერის განმარტებით, საერთაშორისო პარტნიორები დაკავებულთა კონკრეტულ სიას სწორედ იმის გამო ვერ წარადგენენ, რომ აღნიშნული პირები პოლიციელებზე თავდასხმასა და კანონდარღვევაში მონაწილეობდნენ.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ევროკომისიის ანგარიშში მოყვანილი ჩანაწერები უსაფუძვლოა და აცხადებს, რომ ევროპული სტრუქტურები პირდაპირ დგანან იმ ძალადობრივი პროცესებისა და ორგანიზაციების დაფინანსების უკან, რომლებიც ქვეყანაში სიტუაციის ესკალაციას ცდილობდნენ:
„არავითარი დასაბუთება არ აქვს ამას. არც სასამართლოს ვეტინგს, რომელიც პირდაპირ გულისხმობს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას, არც პატიმრების გათავისუფლებას, როგორ შეიძლება მოძალადეების გათავისუფლებას ითხოვდეს ევროპული ბიორუკრატია. ეს ხომ თავისთავად მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ამ ძალადობის უკან თვითონ ევროპული ბიუროკრატია იდგა, რომელიც აფინანსებდა მოლოტოვის კოქტეილის კამპანიას. კონკრეტულად აფინანსებდა ევროპის დემორკატიის ფონდი.“
ევროკომისიის 2026 წლის გაფართოების ანგარიშის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ეროზიის, სამოქალაქო სივრცისა და მედიის შეზღუდვის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შელახვისა და ანტიევროპული რიტორიკის გამო ევროინტეგრაციის პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, ხოლო ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.
ამასთან, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი კვლავ უცვლელად უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ხოლო ევროინტეგრაციის გზის განახლება დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის აღდგენის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge