
სამინისტრო უნივერსიტეტების კორპუსების ან მიწების გადანაწილებას არ გეგმავს, ეს მის კომპეტენციაში არ შედის - მიქანაძე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონების მართვა, მათ შორის კორპუსების ან მიწის ნაკვეთების გადაცემა და გადანაწილება, განათლების სამინისტროს კომპეტენციას არ განეკუთვნება და უწყებას მსგავსი გეგმა არ აქვს. ამის შესახებ გივი მიქანაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ინფრასტრუქტურის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს.
მინისტრის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია ქონებრივი ცვლილებების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ხოლო შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება სხვა უწყების უფლებამოსილებაა.
არადა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიქანაძემ bm.ge-ს კითხვის პასუხად თქვა თბილისსა და ქუთაისში ახალი საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობის პარალელურად, სახელმწიფო იმ უძრავი ქონების განკარგვას დაიწყებს, რომელიც ამ ჰაბების მიღმა დარჩება.
მაშინ მიქანაძეს არ უთქვამს, რომ ეს არ იყო განათლების სამინისტროს კომპეტენცია
„ინფრასტრუქტურასთან დასმული კითხვები არ შეესაბამება კომპეტენციათა გამიჯვნის პრინციპს და სცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების მართვა და განკარგვა, მათ შორის მისი გადაცემა ან რაიმე ფორმით გადანაწილება არ განეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას. შესაბამისად, სამინისტრო არ ახორციელებს და არც გეგმავს რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კორპუსების ან მიწის ნაკვეთების გადანაწილების რაიმე ეტაპობრივი გეგმის განხორციელებას.
შესაბამისად, მტკიცება, თითქოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს ან გეგმავს ასეთი ტიპის ქონებრივ ცვლილებებს, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას, აქაც ჩანს, როგორი კომპეტენტურები ბრძანდებით, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას და ხორციელდება მოქმედი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად“ - განაცხადა მინისტრმა.