
სამინისტრო უნივერსიტეტების კორპუსების ან მიწების გადანაწილებას არ გეგმავს, ეს მის კომპეტენციაში არ შედის - მიქანაძე
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქონების მართვა, მათ შორის კორპუსების ან მიწის ნაკვეთების გადაცემა და გადანაწილება, განათლების სამინისტროს კომპეტენციას არ განეკუთვნება და უწყებას მსგავსი გეგმა არ აქვს. ამის შესახებ გივი მიქანაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ ინფრასტრუქტურის შესახებ დასმულ შეკითხვას პასუხობს.
მინისტრის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია ქონებრივი ცვლილებების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ხოლო შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება სხვა უწყების უფლებამოსილებაა.
არადა, მიმდინარე წლის 12 თებერვალს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მიქანაძემ bm.ge-ს კითხვის პასუხად თქვა თბილისსა და ქუთაისში ახალი საუნივერსიტეტო ქალაქების მშენებლობის პარალელურად, სახელმწიფო იმ უძრავი ქონების განკარგვას დაიწყებს, რომელიც ამ ჰაბების მიღმა დარჩება.
მაშინ მიქანაძეს არ უთქვამს, რომ ეს არ იყო განათლების სამინისტროს კომპეტენცია
„ინფრასტრუქტურასთან დასმული კითხვები არ შეესაბამება კომპეტენციათა გამიჯვნის პრინციპს და სცდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებს. კერძოდ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების მართვა და განკარგვა, მათ შორის მისი გადაცემა ან რაიმე ფორმით გადანაწილება არ განეკუთვნება სამინისტროს კომპეტენციას. შესაბამისად, სამინისტრო არ ახორციელებს და არც გეგმავს რომელიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კორპუსების ან მიწის ნაკვეთების გადანაწილების რაიმე ეტაპობრივი გეგმის განხორციელებას.
შესაბამისად, მტკიცება, თითქოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს ან გეგმავს ასეთი ტიპის ქონებრივ ცვლილებებს, მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძველს. რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების შენობებისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებას, აქაც ჩანს, როგორი კომპეტენტურები ბრძანდებით, აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილებას და ხორციელდება მოქმედი სპეციალური კანონმდებლობის შესაბამისად“ - განაცხადა მინისტრმა.
გამოსვლის მეორე ნაწილში მიქანაძემ ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ სტუდენტების რაოდენობის სავარაუდო ზრდაზე. მისი თქმით, კვოტებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მომზადება უნივერსიტეტების გრძელვადიან გეგმებსა და სისტემურ ანალიზს ეფუძნება.
„2028-2029 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა რაოდენობის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ საგანმანათლებლო კვოტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება სისტემურ ანალიზს, აკადემიური და მატერიალური რესურსების შეფასებასა და უნივერსიტეტების განვითარების გრძელვადიან გეგმებს“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2026 წელს რუსთავსა და ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის პროექტის განვითარებაზე დაახლოებით 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მნიშვნელოვანი მოცულობის უძრავ ქონებას ფლობენ.
უფრო დეტალურად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკუთრებაში ჯამურად 316,192 კვადრატული მეტრის უძრავი ქონებაა. მათ შორის, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე თსუ-ს კორპუსების ფართობი 60,313 კვადრატულ მეტრს შეადგენს, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩებზე — 214,550 კვადრატულ მეტრს, ხოლო ბელიაშვილის ქუჩაზე — 11,353 კვადრატულ მეტრს.
თსუ-ს ასევე ეკუთვნის 10,555 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 10,100 კვადრატული მეტრის ფართობი დაბა კოჯორში და 6,747 კვადრატული მეტრის უძრავი ქონება ქალაქ რუსთავში.
ამასთან, 2025 წლის დეკემბერში, მთავრობის გადაწყვეტილებით, თსუ-მ უსასყიდლოდ გაასხვისა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე მდებარე მეშვიდე კორპუსი, რომლის ფართობიც 8,335 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. აღნიშნული უძრავი ქონება შემდგომში მთავრობამ IBSU-ს გაუცვალა აეროპორტის მიმდებარედ არსებულ უძრავ ქონებაში.
რაც შეეხება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, მისი უძრავი ქონება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ტექნიკური უნივერსიტეტის კორპუსების ჯამური ფართობი 85,473 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
BM.GE
წყარო: bm.ge