
სანდრო მამუკელაშვილი | გზა, რომელსაც გამარჯვებულები გადიან
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს. საქართველოს ბანკი, საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი.
სანდრო მამუკელაშვილი ის ადამიანია, რომელსაც ფორმულა - “არ გაჩერდე”, ზუსტად შეესაბამება.
და რას ნიშნავს ეს ფორმულა?
ეს არის შინაგანი სიმტკიცე - გონებისა და სხეულის მუხტი, რომელიც გამოუცდელი გამოწვევებით სავსე სამყაროში დანებების უფლებას არ გაძლევს. მაშინაც კი, როდესაც სიტუაცია გამოუვალი ან გადაულახავი გეჩვენება; მაშინაც კი, როდესაც გონებაში ის ფიქრი ისადგურებს, რომ ჩვენი ჟინი, შესაძლოა, ამაოა.
რიგითი გულშემატკივრისთვის წარმოუდგენელია, თუ როგორი წნეხის, რაოდენ მძაფრი კონკურენციის პირობებში უწევთ NBA-ის კალათბურთელებს ასპარეზობა და თუ რამდენად ძვირად ფასობს თითოეული ფეხის დაცდენა.
და რამდენადაც უნდა გვახსოვდეს, რომ შეცდომა ადამიანურია, NBA-ში პატიებას არ უნდა ელოდო - აქ მორიგი შანსი ხელახლა უნდა გამოიმუშაო.
NBA-ში თამაში, საკუთარი ადგილის დამკვიდრება და თვითდამტკიცების სურვილი ტიტანურ შინაგან ძალას, სიმშვიდეს, მოთმინებას, დისციპლინასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. კობი ბრაიანტის ფილოსოფიით თუ ვიმსჯელებთ, თითოეული დაკარგული წამი იმას ნიშნავს, რომ შენმა კონკურენტმა ვარჯიში არ ჩააგდო და უკვე შენზე წინ არის.
და სწორედ ამ გამალებული კონკურენციის ფერხულში, სანდრო მამუკელაშვილი წლიდან წლამდე ამტკიცებს, რომ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. იგი არ უფრთხის სიახლეებს და როგორც პარკეტზე, ისე მის მიღმა, მუდმივად ეძებს იმ სივრცეს, სადაც საკუთარი პოტენციალის სრულ რეალიზებასა და ძალების მაქსიმალურ დემონსტრირებას შეძლებს.
შეუძლებელია, სანდროს კარიერას თვალყური მიადევნო და მისი მუდმივი პროგრესი თვალში არ მოგხვდეს. ქრონოლოგიურად გადავხედოთ: 2021 წლის დრაფტზე იგი “ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, თუმცა რეალურად კარიერა NBA-ის იმჟამინდელ მოქმედ ჩემპიონში, “მილუოკი ბაქსში” დაიწყო, სადაც ვარსკვლავური შემადგენლობა და უდიდესი კონკურენცია დახვდა. ნდობის მოსაპოვებლად მას G-ლიგაში თამაშიც მოუწია, სადაც ბრწყინვალე ასპარეზობით ყველას დაუმტკიცა, რომ მისი ადგილი მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ასოციაციაში იყო. ამას მოჰყვა გარდამტეხი ეტაპი - ტრანსფერი “სან ანტონიოში“ და ლეგენდარული გრეგ პოპოვიჩის ხელმძღვანელობით ასპარეზობა - მის ხელში მამუმ უდიდესი გამოცდილება მიიღო. “სან ანტონიოს” პუბლიკამ სანდრო შეიყვარა, თუმცა მამუს მეტი სათამაშო დრო სჭირდებოდა, ამიტომაც მორიგ გაჩერებად “ტორონტო რაპტორსი” აირჩია - საჯაროდაც დაადასტურა, რომ სხვა კლუბებისგან უკეთესი ფინანსური შეთავაზების მიუხედავად, გასული სეზონის სტარტზე არჩევანი “ტორონტოზე” შეაჩერა.