
საქართველო ამ ეტაპზე, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - მაია ომიაძე
ადგილობრივი გიდები ბაზრის მოთხოვნას აკმაყოფილებენ და საქართველო ამ ეტაპზე, უცხოენოვანი, უცხოელი გიდების კვოტირებას არ საჭიროებს - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე გიდებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს.
შეხვედრა ადმინისიტრაციამ გიდების ოთხ ასოციაციასთან და პროფკავშირებთან გამართა, სადაც უცხოელი გიდების კვოტირების საკითხები განიხილეს. საქმე ეხება, "შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შესულ ცვლილებებს, რომლის თანახმად, 1 მასიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გიდებად მუშაობა აეკრძალათ.
„კანონში კულტურული გიდები ნულოვანი კვოტირებით იქნა [დაშვებული], ზუსტად იმიტომ, რომ მანამდე არაერთგზის, ჯერ კიდევ კანონის მიღების პერიოდში, გიდების ასოციაციებისგან ერთხმად იყო მოთხოვნა, რომ უცხოელ გიდებს აეკრძალოთ საქართველოში მუშაობა, რადგან, ისინი ერთგვარად, ართმევდნენ სამუშაო ადგილს, თუ ღია კონკურენციაში შედიოდნენ ქართველებთან.
ამასთან დაკავშირებით იყო წუხილი და სხვადასხვა ფორმით არაერთი შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფომ სექტორის მოთხოვნა გაითვალისწინა და ნულოვანი კვოტა დაწესდა კულტურულ უცხოელ გიდებზე. მას შემდეგაც იყო გარკვეული წუხილი, რომ ზოგიერთს არ ჰყოფნიდა, სხვადასხვა ენოვანი გიდი და იმისთვის, რომ მათი ხმა უგულებელყოფილი არ ყოფილიყო, ჩვენ გაერთიანებული შეხვედრა გავმართეთ.
მოვუსმინეთ სრულად ოთხივე ასოციაციას და ერთ პროფკავშირს - რეალურად მხოლოდ ესენი წარმოადგენენ გიდების ხმას საქართველოში - დავუსვით კითხვები და შეიძლება ითქვას, რომ კვლავ ერთხმად იყო დაფიქსირებული, რომ საქართველოს გიდები აკმაყოფილებენ ბაზრის მოთხოვნას, ენების თუ კვალიფიკაციის მოთხოვნების მიხედვით, და საქართველო ამ ეტაპზე არ საჭიროებს უცხოენოვანი უცხოელი გიდების კვოტირებას“, - აღნიშნა მაია ომიაძემ ჟურნალისტებთან.
ამასთან, მისივე თქმით, თუ ვითარება შეიცვლება, კვოტებთან დაკავშირებული საკითხებიც გადაიხედება.