
საქართველო საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავ საუბრობს იმაზე, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები სომხეთისთვის მნიშვნელოვანია. ის იმედოვნებს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დარეგულირდება. თემაზე ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სომხური მედიის ცნობით, ირაკლი კობახიძის განცხადებას შეეხებოდა, იმის შესახებ, რომ ევროკავშირს ქართულ-სომხური ურთიერთობების დარღვევა არ შეუძლია.
"საქართველოსთან დაკავშირებით მკაფიოდ განვაცხადე, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვან და საკვანძო როლს ასრულებს სომხეთ-ევროპის ურთიერთობებში. ჩვენ ამ სიტუაციით ძალიან შეშფოთებულები ვართ. ვფიქრობთ, რომ ვითარება დარეგულირდება", - აცხადებს ფაშინიანი.
ამას გარდა, მან თქვა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები სხვა ქვეყნებთან ან გაერთიანებებთან ურთიერთობებით არ განისაზღვრება.
„სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს საერთო არაფერი აქვს მესამე მხარესთან არსებულ ურთიერთობებთან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობები სტრატეგიულ, გრძელვადიან, ისტორიულ და ძმურ ხასიათს ატარებს და მომავალშიც ასეთად დარჩება. სხვა სცენარი უბრალოდ ვერ იარსებებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე სომხეთის პრემიერმა 2026 წლის მარტში, ევროპარლამენტში გამოსვლისასაც ისაუბრა და განაცხადა, რომ კონსტრუქციული პროცესი უნდა განვითარდეს.
"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ამ ეტაპზე სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი პრობლემა ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინული მდგომარეობაა. საქართველო ჩვენთვის გზაა ევროკავშირისკენ. ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციაზე მას შემდეგ, რაც საქართველოს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი. ამან სომხეთის გაწევრიანების პროცესი გახადა ხელშესახები და ველით და ვითხოვთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს, ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის", - განაცხადა მან ევროპარლამენტში გამოსვლისას.