
საქართველომ 1 ტონა ოქროს გაყიდვით $111.4 მილიონის შემოსავალი მიიღო | ექსპორტ/იმპორტი გაძვირდა
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 1 ტონა ოქროს ექსპორტით 111 მილიონ 440 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელს 28.9%-ით აღემატება.
ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ ექსპორტირებული ოქროს მოცულობები 1 ტონამდეა შემცირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მსოფლიოში ოქროს გაძვირების პირობებში, ექსპორტი გაძვირდა.
საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, გასული წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან $86.4 მილიონის ღირებულების ოქრო გავიდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს ექსპორტის ღირებულება დაახლოებით $25 მილიონით გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოცულობა 600 კილოგრამით შემცირდა.
სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ წელს, ქართული ოქროს მთავარი საექსპორტო ბაზარი შვეიცარიაა. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ამ ქვეყანაში $100.05 მილიონის ღირებულების, დაახლოებით 900 კილოგრამი ოქრო გავიდა. მეორე ადგილზეა არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც ექსპორტმა $8.67 მილიონი და დაახლოებით 100 კილოგრამი შეადგინა.
დანარჩენი საექსპორტო ბაზრებია თურქეთი – $1.81 მილიონი, ჰონკონგი – $873.8 ათასი და ქუვეითი – $13.5 ათასი.
ექსპორტის ზრდის პარალელურად, გაიზარდა ოქროს იმპორტიც, თუმცა ის ისეთი მოცულობითი არ არის. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში საქართველომ $4.28 მილიონის ღირებულების ოქრო შეიძინა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარ-სექტემბერში იმპორტი მხოლოდ $6.6 ათასი იყო. შედეგად, მაჩვენებელი წლიურად დაახლოებით 649-ჯერ გაიზარდა.
ოქროს მთავარი საიმპორტო პარტნიორი გერმანიაა, საიდანაც საქართველოში $3.75 მილიონის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, თუმცა იმპორტი არც ისე მოცულობითია. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები – $336.9 ათასი. სხვა მომწოდებელ ქვეყნებს შორის არიან ჰონკონგი – $87.5 ათასი, სომხეთი – $47.8 ათასი, თურქეთი – $25.7 ათასი და არაბთა გაერთიანებული საამიროები – $23.8 ათასი. საფრანგეთიდან იმპორტის ღირებულებამ $200 შეადგინა.
საერთო ჯამში, მონაცემებიდან ვიგებთ, რომ 2026 წლის პირველ ცხრა თვეში საქართველოდან ოქროს ექსპორტის ღირებულებამ იმპორტს დაახლოებით 26-ჯერ გადააჭარბა.
BM.GE
წყარო: bm.ge