
საქართველომ უცხოეთიდან $16 მილიარდის საქონელი შეიძინა | TOP-10 იმპორტირებული პროდუქტი
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლის იმპორტმა 16.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.4%-ით მეტია.
იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნავთობის გაძვირებამ, რის შედეგადაც ამ საქონლის შესყიდვის ღირებულება წინა წელთან შედარებით, 46%-ით გაიზარდა.
ამასთან, მკვეთრად - 960%-ით გაიზარდა საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი, რაც ყულევის პირველი სრულმასშტაბიანი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებას უკავშირდება.
ბუნებრივი აირის იმპორტში კი 17%-იანი მატებაა.
ამავდროულად, შემცირებულია საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტის - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი - აქ 12%-იანი კლება ფიქსირდება. აღნიშნული განპირობებულია როგორც რეექსპორტის 25%-იანი კლებით, ისე ქვეყანაში ავტომობილების განბაჟების საფასურის მკვეთრი ზრდით, რაც ძალაში 2026 წლის აპრილიდან შევიდა.
წელსვე 725%-ით გაიზარდა მზის ფოტოვოლტური ელემენტების იმპორტი, რომელმაც 189 მილიონ დოლარს მიაღწია. ამ შემთხვევაში ზრდა ქვეყანაში მზის რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი ელექტროსადგურის მშენებლობის პროცესს უკავშირდება.
# პროდუქტი იმპორტი 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში (მლნ დოლარი) ზრდა/კლება წინა წელთან 1 მსუბუქი ავტომობილები $2,951 -12% 2 ნავთობი და ნავთობპროდუქტები $1,609 46% 3 სამკურნალო საშუალებები დაფასოებული $591 6% 4 ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები $517 960% 5 ბუნებრივი აირი $376 17% 6 სატელეფონო აპარატები და აპარატები მონაცემების გადაცემისა და მიღებისთვის, სადენიანი და უსადენო კავშირისათვის $271 2% 7 მზის ფოტოვოლტური ელემენტები (მზის პანელები) $189 725% 8 სპილენძის მადნები და კონცენტრატები $143 136% 9 ვაქცინები, სისხლი და იმუნური შრატები; უჯრედული კულტურები $132 18% 10 კომპიუტერები, სერვერები და მათი ბლოკები $126 5% 11 დანარჩენი საქონელი – სულ $9,297 1%
ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, საქართველოს იმპორტში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წილი 24.9%-ს შეადგენდა, დსთ-ის ქვეყნებისა კი - 20.5%-ს.
ცალკეული ქვეყნების მიხედვით, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი თურქეთია. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში თურქეთიდან საქართველოში 2.46 მილიარდი დოლარის საქონელი შემოვიდა, რაც მთლიანი იმპორტის 15.2%-ს შეადგენს. წლიურად იმპორტი 8.7%-ით გაიზარდა. თურქეთიდან ყველაზე დიდი მოცულობით ნავთობპროდუქტები (237.6 მლნ დოლარი), მედიკამენტები (150 მლნ დოლარი), რკინისა და ფოლადის წნელები (100.2 მლნ დოლარი) შემოვიდა.
მეორე ადგილზე ჩინეთია, საიდანაც იმპორტმა 1.97 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21.6%-ით მეტია. შედეგად, ჩინეთმა აშშ-ს გადაასწრო და საქართველოს უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებს შორის მეორე პოზიცია დაიკავა.
ჩინეთიდან იმპორტის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი ფოტოვოლტური ელემენტების (მზის პანელების) შესყიდვამ შეიტანა. ამ პროდუქციის იმპორტის ღირებულებამ 158.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს თითქმის რვაჯერ აღემატება. ჩინეთიდან საქართველოში შემოვიდა ასევე 82.7 მლნ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილები, რომელთა რაოდენობამ 8 229 ერთეული შეადგინა.
მესამე ადგილზე აშშ-ია, საიდანაც იმპორტმა 1.88 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში აშშ-დან იმპორტის ღირებულება 2 376.8 მლნ დოლარი იყო, რაც ნიშნავს, რომ საანგარიშო პერიოდში მაჩვენებელი 20.8%-ით შემცირდა.
მეოთხე პოზიციაზე რუსეთია 1.78 მილიარდი დოლარით. რუსეთიდან იმპორტი წლიურად 15.8%-ით გაიზარდა. ძირითადი საიმპორტო პროდუქტები ნავთობპროდუქტები (309.3 მლნ დოლარი), ნედლი ნავთობი (269.4 მლნ დოლარი) და ხორბალი (89.5 მლნ დოლარი) იყო. ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.
საიმპორტო ქვეყნების ათეულში ასევე შედიან აზერბაიჯანი 605.6 მლნ დოლარით, საიდანაც იმპორტი 19.5%-ით გაიზარდა; იაპონია 470.9 მლნ დოლარით (+52.9%); იტალია 372.1 მლნ დოლარით (+4.6%); ბულგარეთი 322.8 მლნ დოლარით (+19.8%) და ნიდერლანდები 294.5 მლნ დოლარით (+24%).
საქსტატის მონაცემებით, ათ უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორ ქვეყანაზე საქართველოს მთლიანი იმპორტის 68.6% მოდიოდა.
BM.GE
წყარო: bm.ge