
საქართველოს დერეფანს ასეთი დატვირთვა არასდროს ჰქონია - Gianti Logistics
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები და წითელ ზღვაში შექმნილი კრიზისი გლობალურ ლოგისტიკურ სექტორზე პირდაპირ აისახება, რაც საწვავის გაძვირებას, მარშრუტების ცვლილებასა და გადაზიდვის ხარჯების ზრდას განაპირობებს. თუმცა, შექმნილი ვითარება საქართველოსთვის და "შუა დერეფნისთვის" ახალ, უპრეცედენტო შესაძლებლობებსაც აჩენს - ამის შესახებ "საქმიან დილაში" კომპანია Gianti Logistics-ის ოპერაციებისა და კომერციული საქმიანობის ხელმძღვანელმა, ნათია კერესელიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, შექმნილმა გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მკვეთრად გაზარდა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის დატვირთვა, რასაც ქვეყანა სათანადოდ მომზადებული უნდა შეხვდეს.
"საქართველოს დერეფანს ასეთი დატვირთვა არასდროს ჰქონია. ჩვენ ვართ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი რგოლი "შუა დერეფანში". ქვეყნისთვის ეს უდიდესი გამოწვევაცაა და უნიკალური შანსიც, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონის სრულფასოვან ჰაბად. რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული ბარიერები, მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით, თუმცა თუ ამ პრობლემებს გავმართავთ და საჭირო სიმძლავრეებს შევქმნით, ქვეყანა ამ უზარმაზარი სატრანზიტო ნაკადების სრულფასოვან ათვისებას შეძლებს", - აცხადებს ნათია კერესელიძე.
ნათია კერესელიძის შეფასებით, მიმდინარე პერიოდი ლოგისტიკის ინდუსტრიისთვის საკმაოდ დინამიკური, თუმცა ამავდროულად რთული და გამოწვევებით სავსეა. გეოპოლიტიკური რყევები პირდაპირპროპორციულად აისახება საერთაშორისო გადაზიდვების ტარიფებზე: "ვერ ვიტყვით, რომ ვითარება დასტაბილურდა - საწვავის ფასი ყოველდღიურ რეჟიმში მატულობს, რასაც გადაზიდვების თვითღირებულების ზრდა მოსდევს. ასეთ პირობებში ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მულტიმოდალური გადაზიდვები გახდა. ამ დროს ბიზნესს სჭირდება პარტნიორი, რომელსაც არა მხოლოდ ამ მიმართულებით მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, არამედ გააჩნია საკუთარი მატერიალური და ადამიანური რესურსი - ავტოპარკი, ტერმინალები, საწყობები და საინჟინრო გუნდი, რათა დაუყოვნებლივ მოიძებნოს ალტერნატიული, შედარებით ბიუჯეტური გზები", - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, 21-ე საუკუნეში ლოგისტიკა დიდი ხანია გასცდა უბრალოდ "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე ტვირთის გადატანის სტანდარტულ გაგებას - ეს არის სიღრმისეული, კომპლექსური ჯაჭვი, რომელიც მაქსიმალურ ჩართულობასა და მოქნილ კრიზისმენეჯმენტს მოითხოვს.
კომპანიის ოპერაციებისა და კომერციული საქმიანობის ხელმძღვანელი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ სატრანსპორტო ხარჯი ნებისმიერი იმპორტიორი თუ ექსპორტიორი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმსხვილესი საოპერაციო კომპონენტია: "ლოგისტიკური დანახარჯი სარეალიზაციო პროდუქციის საბოლოო ფასის პირდაპირი შემადგენელი ნაწილია. როდესაც გადაზიდვა ძვირდება, ეს ტვირთად საბოლოო მომხმარებელს აწვება. სწორედ ამიტომ, სატრანსპორტო კომპანიების უმთავრესი ამოცანაა, ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვით მაქსიმალურად შეამცირონ ეს წნეხი და არ დაუშვან მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი", - განმარტავს კერესელიძე.
Gianti Logistics ქართულ ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს და დღეს წარმომადგენლობები აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ყაზახეთსა და თურქეთში აქვს. კომპანია მხოლოდ საქართველოში 300-მდე ადამიანს ასაქმებს, ფლობს 100 ერთეულ საკუთარ ტექნიკას, ასევე საბაჟო და არასაბაჟო საწყობებს თბილისსა და ფოთში. ის მომხმარებელს სრულ ლოგისტიკურ სერვისს სთავაზობს - საბროკერო მომსახურებითა და ნაკრები ტვირთების გადაზიდვით დაწყებული, რთული საინჟინრო გათვლებითა და არაგაბარიტული, მსხვილი საპროექტო ტვირთების (მათ შორის ქარის ტურბინების) ტრანსპორტირებით დასრულებული.
BM.GE
წყარო: bm.ge