
"საქართველოს ფინანსური ბაზარი ძალიან განვითარებულია, ბალტიის ქვეყნებს 5-7 წლით ჩამოვრჩებით" - დიმიტრი ქუმსიშვილი
"საქართველოს ფინანსური ბაზარი ძალიან განვითარებულია, ბალტიის ქვეყნებს ალბათ სულ 5-7 წლით ჩამოვრჩებით" - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში "პეისერა ბანკის" გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა.
"პეისერა ბანკი" გლობალური კომპანიაა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში 1 000-მდე ადამიანს ასაქმებს და საბანკო ტექნოლოგიებს ევროპის ქვეყნებში ავითარებს. BMG-ის ეთერში მან ქვეყნის ევროპასთან კონკურენციაზე, ინფრასტრუქტურულ გამოწვევებსა და ადამიანური კაპიტალის როლზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, საქართველოს ფინანსური ბაზარი საკმაოდ მაღალკონკურენტულია, რაც ადგილობრივ მოთამაშეებს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას აიძულებს. ბალტიისპირეთის ქვეყნებთან შედარებისას, ქუმსიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანას გარკვეული სხვაობის აღმოფხვრა უწევს, რისთვისაც ეროვნული ბანკი მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს.
"საქართველოს ფინანსური ბაზარი ძალიან განვითარებულია. მიუხედავად იმისა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებიც არაფრით ჩამოგვივარდებიან და ფინტექისა თუ საბანკო მიმართულებით ძალიან ძლიერები არიან, ჩვენთან კონკურენცია იმდენად მაღალია, რომ ბაზარზე პოზიციების შესანარჩუნებლად პროდუქტების სწრაფად დანერგვაა საჭირო. დღეს საკანონმდებლო და ინფრასტრუქტურულ დონეზე ბალტიისპირეთს, ალბათ, 5-7 წლით ჩამოვრჩებით, თუმცა ეს ისეთი სხვაობა აღარ არის, რომლის აღმოფხვრაც შეუძლებელია. ამ მიმართულებით ეროვნული ბანკი ბევრს აკეთებს. ყოველნაირი პათოსის გარეშე უნდა ითქვას, რომ სებ-ი ძალიან მონდომებულია ინფრასტრუქტურის განახლებაში. მაგალითად, რეალურ დროში ანგარიშსწორების სისტემა (RTGS), რომელიც 2010-2011 წლების შემდეგ არ განახლებულა, პრაქტიკულად განახლდა, რაც მყისიერი გადახდების დანერგვის შესაძლებლობას მოგვცემს", - აღნიშნა მან.
ამ კონტექსტში, ქუმსიშვილმა ხაზი ადგილობრივი ბაზრის სპეციფიკასა და დინამიკას გაუსვა, ევროპულ ტემპებთან მიმართებით: "ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვასწავლით იმას, რომ საქართველოში ძალიან სწრაფად უნდა იმოქმედო, რადგან დიდი ხნით ფიქრის დრო არ გვაქვს. აქ სწრაფად უნდა გაზომო, პროექტი დაწერო, შეათანხმო და იმოქმედო. ევროპელებს ჯერ კიდევ აქვთ ნელი ტემპით მუშაობის ფუფუნება, რადგან მათ უკვე გამართული ინფრასტრუქტურა აქვთ და ბაზარიც უაღრესად დიდია - 480 მილიონ ადამიანს მოიცავს", - ამბობს ქუმსიშვილი.
გადაცემაში დიმიტრი ქუმსიშვილმა ქვეყნის განვითარების უმთავრეს ფაქტორად ადამიანური კაპიტალი და ტალანტების შენარჩუნება დაასახელა. მისი თქმით, კადრების გადინების შესაჩერებლად აუცილებელია ძლიერი და კონკურენტული კერძო სექტორის არსებობა.
"ქვეყნის მთავარი სიმდიდრე ადამიანები და ტალანტია. ადამიანები წყვეტენ ყველაფერს - პოლიტიკაში, კერძო სექტორში თუ ტექნოლოგიებში. სწორედ ისინი აყალიბებენ კონკურენტულ გარემოს, რაც კერძო სექტორს განვითარებისა და მომხმარებლისთვის უკეთესი პროდუქტების შეთავაზებისკენ უბიძგებს. ტალანტების შენარჩუნება კი იმით ხდება, რომ მათ მიეცეთ ისეთი ანაზღაურება და განვითარების შესაძლებლობა, რომელიც მათ კვალიფიკაციას შეესაბამება. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი საგადასახადო რეჟიმია. საგადასახადო წნეხის სიმცირით მსოფლიო ხუთეულში ვართ, თუმცა ჩვენი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირებამ შესაძლოა ოფშორის იმიჯი შეგვიქმნას, რაც ქვეყნის აღქმას დააზიანებს", - განაცხადა ბანკირმა.
მან ასევე მსხვილი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ბარიერებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო კომპანიებისთვის გადამწყვეტია ნაცნობი და სანდო სამართლებრივი გარემოს არსებობა, რისთვისაც ქვეყნებმა ხშირად სპეციალური მიდგომები შეიმუშავეს.
"საერთაშორისო კომპანიების შემოყვანისას კანონმდებლობა გადამწყვეტია. მსხვილი ინვესტორები ხშირად ითხოვენ საერთაშორისო, მაგალითად, ინგლისის სამართალსა და არბიტრაჟს, რადგან ეს სისტემა მათთვის ნაცნობი და სანდოა. ამ გზამ ბევრ ქვეყანაში გაამართლა. კარგი მაგალითია აბუ-დაბისა და დუბაის ფინანსური ცენტრები, სადაც სპეციალურ ზონებში ინგლისური სამართალი და საერთაშორისო მოსამართლეები მოქმედებენ, რაც ხელს უწყობს ინვესტიციებისა და დეპოზიტების მოზიდვას", - განმარტა მან.
საუბრის დასასრულს, ქუმსიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის სტრუქტურული რეფორმები აუცილებელ პირობას წარმოადგენს, თუმცა ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად ალტერნატიული მექანიზმების განხილვაც სასარგებლო იქნებოდა.
"ჩვენი ქვეყნისთვის საკანონმდებლო დახვეწა და სტრუქტურული რეფორმები შეუქცევადი პროცესია, რადგან მათ გარეშე ქვეყანა გრძელვადიანად ვერ განვითარდება. თუმცა, პარალელურად, იმისათვის, რომ სწრაფი ნახტომები გაკეთდეს, გარკვეულ სპეციალურ ზონებში მსგავსი ნდობამოპოვებული საერთაშორისო სამართლის შემოტანა კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
BM.GE
წყარო: bm.ge