
“საქართველოს რკინიგზაში გამოწვევას საკადრო უზრუნველყოფის მიმართულებით ვხედავ - ლევან ლომსაძე
“საქართველოს რკინიგზაში საშტატო ოპტიმიზაცია რეალობითაა ნაკარნახევი” - “GEORAIL-consulting”-ის დამფუძნებელი ლევან ლომსაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ახალი ტექნოლოგიების დანერგვაც გარკვეული საშტატო ერთეულების რაოდენობაზე მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, თუმცა მისი თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ასევე მოითხოვს კომპანიის შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით უზრუნველყოფას, რა მიმართულებითაც საქართველოს რკინიგზას ინვესტიციების განხორციელება მოუწევს.
როგორც ცნობილია, საქართველოს რკინიგზამ 1000 საშტატო ერთეული გააუქმა, რა გზითაც 24 მილიონი ლარი დაზოგა.
“საქართველოს რკინიგზა 100%-ით სახელმწიფო კომპანიაა და ბევრი სოციალური ვალდებულება აქვს აღებული. მათ შორის არის დასაქმების თემა. ის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია და ბუნებრივია, ნაკლებადაა კომერციული პრინციპებით მოწყობილი. 10000 საშტატო ერთეულის შემცირება რეალობითაა ნაკარნახევი.
როდესაც გვქონდა მაქსიმალური გადაზიდვა, მაგალითად, 22 მილიონამდე, მერე გახდა 20 მილიონი, 18 მილიონი და დავედით რაღაც პერიოდში 10 მილიონის გადაზიდვამდე. ეს პირდაპირპროპორციულად და არც მნიშვნელოვნად არ ასახულა საშტატო ერთეულების რაოდენობაზე, ანუ დასაქმებულთა რაოდენობაზე. რკინიგზა მაქსიმალურად ერიდებოდა, თანამშრომლების სახლში გაშვებას.
კომერციული პრინციპებით რომ ყოფილიყო ორგანიზაცია მოწყობილი, ბუნებრივია, პირდაპირ რეაგირებას გააკეთებდა ამაზე. ბუნებრივია, იქ იყო რაღაც ისეთი რგოლებიც, რომლებიც არ იყო საჭირო დღევანდელი საოპერაციო საქმიანობისთვის და მერწმუნეთ, ახალი ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვაც გამოიწვევს გარკვეული საშტატო ერთეულების რაოდენობაზე მოთხოვნის შემცირებას.
გამოწვევას რასაც ვხედავ, ეს არის ისევ საკადრო უზრუნველყოფის თემა. შეიძლება გაუკვირდეთ, თუ რკინიგზა 1000 საშტატო ერთეულს ამცირებს, რა საკადრო პრობლემაზე საუბრობსო? მაგრამ დაანონსებული ახალი ტექნოლოგიები მოითხოვს შესაბამის საკადრო უზრუნველყოფას, შესაბამის ადამიანურ რესურსებს, შესაბამისი კვალიფიკაციით. ეს ეხება უშუალოდ შემსრულებლის პოზიციას (მემანქანე, დისპეტჩერი და ა.შ.), აგრეთვე საინჟინრო კადრებს, ანუ საშუალო რგოლს.
შესაბამისად, აი ამ მიმართულებითაც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს რკინიგზას მნიშვნელოვანი ინვესტიცია აქვს განხორციელებული და გააჩნია მისი სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯიც, რომელიც პროფესიული პროგრამებით ამზადებს კადრებს, აგრეთვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არის ერთადერთი უმაღლესი განათლების პროგრამა, რომელიც სარკინიგზო კომპეტენციებს მოიცავს, ამ მხრივ საქართველოს რკინიგზას ჩემი შეფასებით, მოუწევს უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, მეტი ფინანსური რესურსის და ინტერვენციების გაკეთება განათლებაში, მათ შორის არსებული კადრების და მომავალი კადრების მოზიდვის მიმართულებით, რადგან ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია და თანამშრომლების გადინებაც შეინიშნება სხვა კომპანიებში. ზოგიერთი მთლიანად იცვლის სექტორს, რაც ჩემი შეფასებით, ძალიან დიდი დანაკლისია. კარგი რკინიგზის პროფესიონალი ერთ თვეში და ორ თვეში ვერ დადგება. ამას სჭირდება დრო, შესაბამისი განათლება, პროფესიული კომპეტენციები და მხარდაჭერა”,-აცხადებს ლევან ლომსაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge