
საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა ევროპიდანაც გაიზარდა, ინვესტორები ალტერნატიულ ბაზრებს ეძებენ - "არქი"
დეველოპერული კომპანიების ნაწილში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების ზრდა მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება, რომლის ფონზეც, საქართველოში უძრავ ქონებაზე უცხოელი ინვესტორების მხრიდან ინტერესი გაიზარდა.
როგორც კომპანია „არქიში“ BMG-ის განუცხადეს, მათ პირველი კვარტალი გაყიდვების დაახლოებით 65%-იანი ზრდით დახურეს, რაშიც გარკვეული წვლილი არარეზიდენტების წილის ზრდამაც შეიტანა.
კომპანიის გენერალური დირექტორის, შიო ხეცურიანის თქმით, მათ პროექტებში ისრაელის მოქალაქეების მხრიდან მოთხოვნა გაორმაგებულია. ამასთან, ბოლო მოვლენების ფონზე, საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინტერესი გაზრდილია ევროპელი ინვესტორების მხრიდანაც და იმ არარეზიდენტების ნაწილმა, რომლებიც აქამდე ინვესტირებას მაგალითად, დუბაის უძრავი ქონების ბაზარზე ახორციელებდნენ, კაპიტალის დაბანდება საქართველოში გადაწყვიტა.
“პირველი კვარტალი „არქის“ ჭრილში 65%-ზე მეტი ზრდით დაიხურა. ქვეყანაში დაახლოებით 20%-მდე ზრდა არის უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით თბილისში, თუმცა ჩვენთან ცალსახად უფრო მაღალი ზრდა არის. ეს განპირობებულია იმ პრემიუმ პროექტებით, რომლებიც ჩვენ დავიწყეთ, ასევე იმ ნდობით ჩვენი კომპანიის მიმართ, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაგროვდა.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ გეოპოლიტიკური ვითარების გამო, რომელიც არაბულ ქვეყნებში მიმდინარეობს, ინვესტორები ევროპიდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ახორციელებდნენ ინვესტიციას დუბაიში თუ სხვა არაბულ ქვეყანაში, ნაწილობრივ მაინც გადმოერთნენ საქართველოზე, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა უცხოეთიდან საქართველოში უძრავი ქონების მიმართ მოთხოვნა. შესაბამისად, ზრდა საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნასთან დაკავშირებით ისევ შეინიშნება და მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა მომავალ პერიოდში.
ჩვენთან მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნა ისრაელიდან და გერმანიიდან. გერმანიიდან ისეთი ინვესტორების მხრიდან, რომლებიც უძრავ ქონებას ყიდულობდნენ დუბაიში. დუბაიში ძირითადად ყიდულობდნენ სხვა ქვეყნებიდან ინვესტორები, შესაბამისად პოლონეთი, გერმანია თუ დიდი ბრიტანეთი, ამ ეტაპზე ეს ინვესტორები ეძებენ არაბული ქვეყნების ალტერნატივას, განსაკუთრებით დუბაის, საამიროების შემთხვევაში. შესაბამისად, ზუსტად ეს ადამიანები, პოტენციური ინვესტორები არიან, ვისთანაც ჩვენ ვახორციელებთ [ბინების] რეალიზაციას.
ისრაელის შემთხვევაში თითქმის გაორმაგდა [გაყიდვები], გერმანიის და ბრიტანეთის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ზრდა არის, იმიტომ რომ ამ სეგმენტზე ჩვენ არ ვიყავით წინა წლებში გასული და ეს ახალი სეგმენტია ჩვენთვის”, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.
ცნობისთვის, Colliers Georgia-ს მონაცემებით, 2026 წლის პირველ კვარტალში თბილისში 10,511 საცხოვრებელი ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 16.7%-იანი ზრდაა. უშუალოდ მარტში დედაქალაქში ტრანზაქციების რაოდენობამ 3,913 შეადგინა, რაც წლიურად 30.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge