
„საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მოლოდინებს აჭარბებს“ – TBC Capital
საქართველოს უძრავი ქონების ბაზარმა 2026 წელს ანალიტიკოსების საწყის მოლოდინებს გადააჭარბა და მაღალი აქტივობა შეინარჩუნა. TBC Capital-ის ვიცე-პრეზიდენტის ირინა კვახაძის განცხადებით, წლის დასაწყისში არსებული სცენარი განსხვავებული იყო, თუმცა განვითარებულმა მოვლენებმა ბაზარზე დადებითი გავლენა იქონია.
გასულ წელთან შედარებით, ცალკეულ თვეებში უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით ორნიშნა ზრდა დაფიქსირდა. განსაკუთრებული აქტივობა მეორად ბაზარზე შეინიშნება.
მიზეზებს შორის ახლო აღმოსავლეთის ფაქტორიც მოიაზრება - რეგიონული მოვლენების ფონზე, გარკვეული კაპიტალის ნაკადი საქართველოსკენ წამოვიდა.
რაც შეეხება ფასებს, წლის განმავლობაში ფასი 4-5%-ის ფარგლებში იმატებს.
„ახლო აღმოსავლეთზე თუ ვსაუბრობთ გარკვეული კაპიტალის ნაკადი წამოვიდა საქართველოსკენ. მეზობელ ქვეყნებს და რეგიონს ახასიათებს ის, რომ თუკი მას არ ეხება პირდაპირ ომი და რაღაც გარეგანი მნიშვნელოვანი საფრთხე, მაშინ კაპიტალი მიედინება ის ქვეყნებში სადაც გარემო შედარებით ნორმალურია.
მნიშვნელოვანია კვლავ საუბარი ნებართვებზე. როდესაც მშენებლობის ნებართვებს ვაფასებთ, რაოდენობაზე მეტად ყურადღებას ფართობს ვაქცევთ, რადგან ის ბევრად უფრო ინფორმაციულია. ამ კუთხით, გასულ წელთან შედარებით ძალიან მცირე განსხვავებაა. მაგალითად, თუ გასული წლის 7–8 თვეში 700 000 კვ.მ იყო, წელს 680–690 ათასი კვადრატია. მთავარი ის არის, რომ აბსოლუტურ მაჩვენებლებში ნებართვების მოცულობა საკმაოდ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.
ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით, ხომ არ არსებობს ჭარბი მიწოდების რისკი. ამ დროს აუცილებელია თვალი მივადევნოთ ეკონომიკასა და გაყიდვების დინამიკას. მიწოდების მკვეთრმა შეზღუდვამ, ძლიერი ადგილობრივი თუ საერთაშორისო მოთხოვნის ფონზე, შესაძლოა ფასების გაქცევა და ხელმისაწვდომობის შემცირება გამოიწვიოს.
ამიტომ, ამ ბალანსის შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როგორც ანალიტიკოსებმა, ისე ინვესტორებმა ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი ამ პარამეტრებს, რათა შესაძლო საფრთხეები და სიგნალები დროულად შევნიშნოთ,“ - განაცხადა კვახაძემ.
კითხვაზე არის თუ არა ბაზარზე „ბუშტის“ საფრთხე? „ბუშტის ინდექსის“ მიხედვით უძრავი ქონების ბაზარი ამჟამად ადეკვატურად არის შეფასებული (თუმცა ზღვრის ოდნავ ზედა დონეშია).
ამ ეტაპზე „ბუშტის“ წარმოქმნის ან ჭარბად შეფასებული ბაზრის განსაკუთრებული ნიშნები არ იკვეთება, თუმცა დინამიკურ გარემოში ყველა სიგნალზე ყურადღებით ყოფნა და დაკვირვება აუცილებელია.
„ამ წუთს ვერ ვხედავთ, რომ რამე განსაკუთრებული ხდება. ჩვენ ე.წ. „ბუშტის ინდექსიც“ გვაქვს, რომელიც ოდნავ ზედა დონეშია, თუმცა ინდექსი დღეს რასაც გვიჩვენებს, არის ადეკვატურად შეფასებული. რამე განსაკუთრებულ სიგნალებს ნამდვილად ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა კვახაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge