
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში კიდევ ერთხელ დაიბარეს
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრაზე მიიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ თავად სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საუბარი "საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას" შეეხო.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, გარეტ უორდი, საგარეო საქმეთა სამინისტროში თებერვალშიც დაიბარეს. მაშინ მისი დაბარება უკავშირდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, „იმედის“ და „POSTV-ის“ სანქცირების შესახებ.
"აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამ კონტექსტში, შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას", - ნათქვამია გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყების ცნობით, მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.