
საქართველოში კეთილდღეობა იზრდება, თუმცა მოქალაქეთა თავისუფლება მცირდება - Atlantic Council-ის ინდექსი
Atlantic Council-ის „თავისუფლებისა და კეთილდღეობის ცენტრმა“ 2026 წლის გლობალური ატლასი გამოაქვეყნა, რომელშიც 2025 წლის მდგომარეობით არსებული პარამეტრები არის წარმოდგენილი. დოკუმენტი 171 ქვეყანას აფასებს და საქართველოს შესახებ ორ საპირისპირო ტენდენციას ავლენს: ქვეყანა კეთილდღეობის ისტორიულ მაქსიმუმზეა, თუმცა მოქალაქეთა თავისუფლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ვარდნა დაფიქსირდა.
მეთოდოლოგია და ინდიკატორები
ინდექსი ეყრდნობა ორ ძირითად სვეტს:
• თავისუფლების ინდექსი: მოიცავს ეკონომიკურ (საკუთრების უფლებები, ვაჭრობა), პოლიტიკურ (არჩევნები, სამოქალაქო უფლებები) და იურიდიულ (კანონის უზენაესობა, კორუფცია) ქვეინდექსებს. • კეთილდღეობის ინდექსი: ზომავს შემოსავლებს (მშპ ერთ სულ მოსახლეზე), ჯანდაცვას, განათლებას, გარემოს დაცვასა და უმცირესობათა უფლებებს.
ისტორიული მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს კეთილდღეობის ინდექსი 1995 წლის 59.0 ქულიდან 2024 წელს 78.2 ქულამდე გაიზარდა და აღნიშნულ მაჩვენებელზე შენარჩუნდა 2025 წელსაც, რითაც მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა. ეს პროგრესი ძირითადად შემოსავლების ზრდითა და ჯანდაცვის სექტორის გაუმჯობესებითაა განპირობებული.
თუმცა თავისუფლების ინდექსში ბოლო პერიოდში რეგრესი შეიმჩნევა. 2023 წელს დაფიქსირებული 75.4-ქულიანი პიკის შემდეგ, მაჩვენებელი 6 ქულით 68.4 ქულამდე შემცირდა, ხოლო 2025 წელს დამატებით 2.2 ქულით გაუარესდა 66.6 ქულამდე და მსოფლიოს მასშტაბით 73-ე ადგილი დაიკავა.
ინსტიტუციური ანალიზი
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს თავისუფლების ინდექსს ორი ძირითადი ფაქტორი აქვეითებს:
• პოლიტიკური ინსტიტუტები: ვარდნა ფიქსირდება არჩევნების ხარისხის, სამოქალაქო თავისუფლებებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის მექანიზმების მიმართულებით. • სამართლებრივი ინსტიტუტები: გამოწვევად რჩება სასამართლო დამოუკიდებლობა და ბიუროკრატიული კორუფცია. • ეკონომიკური ინსტიტუტები: ვაჭრობისა და ინვესტიციების თავისუფლება კვლავ ქვეყნის ძლიერ მხარედ რჩება, თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ ეკონომიკური თავისუფლება ვერ აბალანსებს პოლიტიკური ინსტიტუტების სისუსტეს.
რეგიონული და გლობალური კონტექსტი:
საქართველო თავისუფლების ხარისხით უკვე სომხეთს ჩამორჩება, თუმცა კვლავ უსწრებს სხვა მეზობელ ქვეყნებს.
რეგიონული მაჩვენებლები (თავისუფლების ინდექსი)
• სომხეთი: 67.9 (#69) • საქართველო: 66.6 (#73) • თურქეთი: 50.1 (#119) • აზერბაიჯანი: 46.3 (#132) • რუსეთი: 39.2 (#154)
რეგიონული მაჩვენებლები (კეთილდღეობის ინდექსი)
• სომხეთი: 75.2 (#57) • საქართველო: 78.2(#43) • თურქეთი: 68.4 (#81) • აზერბაიჯანი: 71 (#66) • რუსეთი: 74.3 (#60)
კეთილდღეობა და თავისუფლება ერთმანეთთან ყველა ქვეყნის შემთხვევაში ურთიერთდაკავშირებული არაა. მაგალითად დასავლეთ ევროპის ქვეყნები გამოირჩევიან როგორც მაღალი თავისუფლებით, ასევე მაღალი კეთილდღეობით, თუმცა არაერთ ქვეყანაში - მაგალითად არაბთა გაერთიანებულ სამეფოში თუ საუდის არაბეთში კეთილდღეობა გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე თავისუფლება. უაღარიბეს ქვეყნებში კი ხშირ შემთხვევაში როგორც კეთილდღეობა, ასევე თავისუფლება დაბალია.
BM.GE
წყარო: bm.ge