
"საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში" - სარჯველაძე
ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მოსაზრება, თითქოს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომ მედიკამენტებს შორის ხარისხობრივი განსხვავება არსებობს, სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ სარჯველაძემ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოსმენისას, პაციენტების მიერ უცხოეთში მკურნალობისთვის უპირატესობის მინიჭების შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძეს 24 კითხვით საპარლამენტო ოპოზიციამ "გახარია საქართველოსთვის" მიმართა.
"რაც შეეხება საქართველოში ხელმისაწვდომი მედიკამენტების ხარისხს, აქ რაიმე სერიოზული არგუმენტის დასახელება, ჩემი აზრით, შეუძლებელია. საქართველოში ხელმისაწვდომია ზუსტად იმავე ხარისხის მედიკამენტები, რაც სხვა განვითარებულ სახელმწიფოებში, როდესაც ვსაუბრობთ მნიშვნელოვან, ესენციურ მედიკამენტებზე... როდესაც კითხვა ეხება პროგრამული მედიკამენტის ხარისხს, გაითვალისწინეთ, რომ ის რასაც იძენს სახელმწიფო, ხორციელდება ძალიან ყურადღებით, ბევრი მოთხოვნით, სტანდარტით და წინაპირობით.
რაც შეეხება ზოგიერთი არაპროგრამული მედიკამენტისთვის უპირატესობის მინიჭებას, აქ გასათვალისწინებელია ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი. პირველი: არსებობს მექანიზმები ასეთი მედიკამენტების იმპორტისა, ინდივიდუალური შეკვეთების გზით; და მეორე: ყველა მედიკამენტის მწარმოებელს თავისი პოლიტიკა აქვს და სამწუხაროდ უკლებლივ ყველა დასახელების მედიკამენტის იმპორტს ვერც ერთი სახელმწიფო ვერც და არც განახორციელებს. უკლებლივ ყველა მედიკამენტი, ალბათ, არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად მედიკამენტების იდენტური ხარისხისა და მედიკოსთა მაღალი კვალიფიკაციისა, უცხოეთში მკურნალობის მიღების სურვილი მაინც საგულისხმო პრობლემაა.
სარჯველაძე ამის მიზეზებად ექიმთა და ექთანთა ნაწილის კვალიფიკაციისა და დისციპლინის პრობლემას, სამედიცინო ტურიზმის მარკეტინგსა და საჭირო ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების არარსებობას ასახელებს.