
საქართველოში მზის ენერგიის მიმართ დაინტერესება მზარდია - სამშენებლო კომპანია RC Omza Ozer-ი
მზის ელექტროსადგურების საინჟინრო-სამშენებლო კომპანია RC Omza Ozer-ის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში ინვესტორების მხრიდან მზის ენერგიის მიმართ მზარდი ინტერესი ფიქსირდება.
როგორც კომპანიის მმართველმა პარტნიორმა ვაჟა ფანჩულიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თუ გასულ პერიოდში მოთხოვნა შედარებით მცირე სიმძლავრის მზის სადგურებზე იყო, დღეს უკვე ინვესტორები მსხვილი სადგურების მშენებლობითაც ინტერესდებიან.
როგორც ვაჟა ფანჩულიძე აღნიშნავს, ქვეყანაში მზის ენერგიისადმი მზარდი ინტერესის პარალელურად, აუცილებელია, ქსელის მდგრადობა გაუმჯობესდეს, რათა მზის სადგურების ინტეგრაცია დაუბრკოლებლად განხორციელდეს.
“საკმაოდ საინტერესო ეტაპზე გადადის მზის ენერგეტიკის მიმართულება საქართველოში. საკმაოდ დიდია მოთხოვნა. თუ წლების წინ ვსაუბრობდით ერთი-ორი ან მცირე მასშტაბის სიმძლავრის ელექტროსადგურებზე, დღეს უკვე საკმაოდ თამამი განაცხადები კეთდება. უკვე ათეულობით და ასეულობით მეგავატიანი მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზეა განაცხადები შესული. რა თქმა უნდა, მთავარია, ეს განაცხადები რეალურ სადგურებად იქცეს. ვფიქრობ, არა მხოლოდ საქართველოში, რეგიონშიც აუცილებლად იქნება მზარდი მოთხოვნა დიდი მასშტაბის მსგავსი სადგურების მშენებლობაზე.
მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით გამტარუნარიანობა გაძლიერდეს. პირველი არის, რა თქმა უნდა, ქსელის გაჯანსაღება, რომ ამდენი განაცხადის გადამუშავება და მიღება შეძლოს ქვეყანამ. ზოგადად, მზის ელექტროსადგურების მიმართულებით, ვფიქრობთ, საკმაოდ კარგი პერსპექტივაა საქართველოში და ეს იქნება გარკვეული ბალიში საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო კომპანიებმაც მეტი აქტივობა გამოიჩინონ, რომ ჩვენც გავაძლიეროთ ჩართული სტრუქტურული ერთეული, შევქმნათ ბიზნესისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი კლიმატი”, - განაცხადა ვაჟა ფანჩულიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge