
საქართველოში სათხილამურო აბონემენტები ძვირდება - რა ღირს სრიალი მეზობელ ქვეყნებსა და ევროპაში?
საქართველოში 2026–2027 წლის ზამთრის სეზონზე სათხილამურო აბონემენტები მნიშვნელოვნად ძვირდება. ამასთან, პირველად წესდება განსხვავებული ტარიფები საქართველოს მოქალაქეებისა და უცხოელებისთვის. ზოგიერთ კურორტზე დღიური აბონემენტი ადგილობრივი ვიზიტორებისთვისაც 60%-ზე მეტით ძვირდება, უცხოელებისთვის კი ფასების ზრდა კიდევ უფრო მაღალია.
გუდაურში ზრდასრულისთვის ერთდღიანი აბონემენტი გასულ სეზონზე 70 ლარი ღირდა, ახალი სეზონიდან კი საქართველოს მოქალაქეებისთვის 90 ლარი, უცხოელებისთვის 120 ლარი ეღირება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის ფასი 28.6%-ით, უცხოელებისთვის კი 71.4%-ით იზრდება.
ბაკურიანში დღიური აბონემენტის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 55-დან 75 ლარამდე იზრდება, რაც 36.4%-იანი გაძვირებაა. უცხოელებისთვის ფასი 100 ლარი იქნება. ამასთან, შვიდდღიანი აბონემენტის ღირებულება 296-დან 395 ლარამდე იზრდება.
გოდერძიზე დღიური აბონემენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის 30-ის ნაცვლად 50 ლარი ეღირება, რაც 66.7%-იან ზრდას ნიშნავს. უცხოელებისთვის ტარიფი 70 ლარია. სვანეთის კურორტებზე კი დღიური აბონემენტის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 70 ლარს, უცხოელებისთვის 100 ლარს შეადგენს.
ძვირდება ოთხივე კურორტზე მოქმედი სეზონური აბონემენტიც - მისი ფასი 650-დან 1 000 ლარამდე იზრდება, ანუ 53.8%-ით.
მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან დარსალიას განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შეღავათიანი ტარიფების დაწესებისას გათვალისწინებულია ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორების განსხვავებული მსყიდველუნარიანობა. სააგენტოს შეფასებით, საქართველოს კურორტების ფასები რეგიონისა და ევროპის სათხილამურო მიმართულებებთან შედარებით კონკურენტულია.
რამდენად კონკურენტულია საქართველოს სათხილამურო კურორტების ტარიფები მეზობელ ქვეყნებთან და ცნობილ ევროპულ კურორტებთან შედარებით?
რა ღირს სრიალი მეზობელ ქვეყნებში?
აზერბაიჯანის შაჰდაღის კურორტზე ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთდღიანი აბონემენტის ფასი 45 მანათია, რაც დაახლოებით 69 ლარს შეადგენს. თუფანდაღში დღიური აბონემენტი 32 მანათი, ანუ დაახლოებით 49 ლარი ღირს.
სომხეთის წაღკაძორში ერთდღიანი აბონემენტის გამოქვეყნებული ფასი 12 000 დრამია, რაც დაახლოებით 86 ლარს უტოლდება. ამრიგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის გუდაურის დღიური აბონემენტი წაღკაძორის გამოქვეყნებულ ფასზე ოდნავ მაღალია, ხოლო ბაკურიანისა და გოდერძის ტარიფები - დაბალი.
საქართველოს მეზობელ თურქეთში, პალანდოკენის სათხილამურო კურორტზე, ერთდღიანი საბაგიროს აბონემენტის ღირებულება 1 300 თურქული ლირაა, რაც დაახლოებით 67 ლარს შეადგენს.
გასათვალისწინებელია, რომ აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის კურორტების ოფიციალურ გვერდებზე მითითებული ტარიფები 2025–2026 წლის სეზონს შეესაბამება.
რა ღირს აბონემენტი ცნობილ ალპურ კურორტებზე?
იტალიის კორტინა დ’ამპეცოში ზრდასრულისთვის ადგილობრივი ერთდღიანი აბონემენტის ფასი, სეზონისა და კონკრეტული თარიღის მიხედვით, 76–84 ევროა, რაც დაახლოებით 218–241 ლარს შეადგენს.
ავსტრიის ზოლდენში დღიური აბონემენტის ფასი 81–86.5 ევროს, ანუ დაახლოებით 232–248 ლარს აღწევს. შვეიცარიის ცერმატში კი ადგილობრივი სათხილამურო ზონის აბონემენტის ფასი 89 ფრანკიდან, დაახლოებით 276 ლარიდან იწყება.
ცხრილი 1: ზამთრის კურორტების საბაგიროების ტარიფები
*ტრასების სიგრძე მოცემულია skiresort.com-ის მიხედვით
შედარება აჩვენებს, რომ საქართველოს სათხილამურო კურორტებზე დღიური აბონემენტები ცნობილ ალპურ კურორტებთან შედარებით მნიშვნელოვნად იაფია, თუმცა მეზობელი ქვეყნების კურორტებთან თანხობრივი განსხვავება გაცილებით მცირეა.
ამასთან, მხოლოდ აბონემენტის ღირებულებით კურორტების კონკურენტუნარიანობის შეფასება სრულყოფილი არ იქნება. მნიშვნელოვანია სათხილამურო ტრასების სიგრძე, საბაგიროების რაოდენობა და გამტარუნარიანობა, ინფრასტრუქტურის ხარისხი, თოვლის პირობები და მომსახურების დონე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საერთაშორისო შედარება არ მოიცავს განთავსების, ტრანსპორტისა და აღჭურვილობის ქირაობის ხარჯებს.
BM.GE
წყარო: bm.ge