
სათხილამურო და გამყოლებს რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების გამწევის სტატუსი მიენიჭებათ
საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი მთელ რიგ ცვლილებებს ითვალისწინებს.
უფრო დეტალურად - აქამდე არსებული გამიჯნული კატეგორიების — სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლების ნაცვლად, კანონმდებლობაში ერთიანი სტატუსი მკვიდრდება.
შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს სამართლებრივად „რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. ამასთან, ამ პირებს, 2026 წლის პირველი ივნისიდან სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულება ექნებათ. ასევე დგინდება სავალდებულო დაზღვევის მოდელი გამყოლებისთვის.
კანონპროექტი აწესებს დიფერენცირებულ მიდგომას, რომელიც კერძო სადაზღვევო სექტორთან და სახელმწიფო დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან კონსულტაციების შედეგად შემუშავდა:
• პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა: კანონპროექტის თანახმად, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებელს საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე სავალდებულო წესით უნდა ჰქონდეს პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ამ დაზღვევის კონკრეტულ პირობებს, მათ შორის ფინანსურ ლიმიტებსა და აღსრულების წესს, კვლავ მთავრობის დადგენილება განსაზღვრავს. • სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა: გარდა პროფესიული დაზღვევისა, მთავრობის დადგენილებით ცალკე გამოიყოფა ისეთი მაღალი რისკის შემცველი მომსახურებები, რომელთა მიმწოდებლებს დამატებით დაეკისრებათ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ქონის ვალდებულებაც.
ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ინდივიდუალურად მიუდგება სხვადასხვა სირთულის აქტივობებს. მარტივი, დაბალრისკიანი ტურების შემთხვევაში, გიდებს შესაძლოა მხოლოდ ერთი სახის პოლისის ფლობა მოუწიოთ, რაც მათ ყოველწლიურ სადაზღვევო ხარჯებს შეუმცირებს. თუმცა, განსაკუთრებით სპეციფიკური და ექსტრემალური მიმართულებების დროს (როგორიცაა ალპინიზმი, ზვავში გამყოლობა ან ჰელი-სკი), სავალდებულო იქნება როგორც პროფესიული, ისე სამოქალაქო დაზღვევის ერთდროულად ქონა. სადაზღვევო კომპანიებს კი მიეცემათ შესაძლებლობა, ბაზარზე სპეციალურად გამყოლებზე მორგებული, კომბინირებული სადაზღვევო პაკეტები გამოიტანონ.
ახალი სტატუსის მქონე პირებისთვის — ანუ რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლებისთვის — ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ან შესაბამისი სადაზღვევო პოლისის გარეშე საქმიანობისთვის გათვალისწინებული სანქციები ძალაში 2027 წლის 1 ივნისიდან შევა.
BM.GE
წყარო: bm.ge