
"საცალო ქსელში გაყიდვები 70-80%-ით შემცირდა" - ხის სათამაშოების მწარმოებელი "კოდალა" გამოწვევებზე
ეკომეგობრული სათამაშოების მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საცალო ქსელებში შემცირებული წვდომა და გაყიდვების ვარდნა რჩება. ხის სათამაშოების მწარმოებლის „კოდალა“ დამფუძნებლის, კოტე სვანაძის განცხადებით, ბოლო წლებში საცალო ქსელში გაყიდვები 70-80%-ით შემცირდა, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს ბიზნესმოდელის გადახედვას აიძულებს.
სვანაძემ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ მსხვილმა ქსელებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეამცირეს, რის გამოც კომპანიები მომხმარებელთან პირდაპირ არხებზე, მათ შორის სოციალურ ქსელებსა და ციფრულ პლატფორმებზე გადავიდნენ.
„საცალო ქსელში გაყიდვები თითქმის 70-80%-ით შემცირდა, იმიტომ რომ არსებულმა ქსელებმა ყველა მწარმოებელთან შეწყვიტეს ურთიერთობა, რომ მათი პროდუქცია იყოს განლაგებული. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენთვის. შესაბამისად, უფრო ინდივიდუალური მომხმარებლის ძიებაში არიან გადასული კომპანიები და სოციალური ქსელებითა და სხვადასხვა პლატფორმებით ხდება პროდუქციის მიწოდება ბაზარზე,“ - განაცხადა სვანაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე კომპანია მხოლოდ ერთ მსხვილ პარტნიორთან თანამშრომლობს, დანარჩენ ქსელებთან კი პროდუქციის განთავსება პრობლემურია, რაც, მისი შეფასებით, ბოლო წლებში კიდევ უფრო გართულდა. სვანაძე ამბობს, რომ სექტორში არსებული გამოწვევების მიუხედავად, კომპანიებს განვითარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვთ.
„სიახლეების გარეშე კომპანია ფაქტობრივად სიცოცხლისუნარიანი აღარ რჩება და ნელდება. ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში ამ კუთხით სათამაშოების ბაზარი არც ისე სახარბიელოა, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი წილი შევიტანოთ იმპორტირებული სათამაშოების ჩანაცვლებაში“, - აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების მიმართულებით ინტერესი იზრდება და ახალი კომპანიებიც ჩნდება, თუმცა ეს ტენდენცია ჯერ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბაზარზე საერთო ფონი მნიშვნელოვნად შეიცვალოს.
„სხვადასხვა კომპანიები თითქმის თვეში ერთი ან ორი ახალი მოთამაშე ჩნდება, რაც გვახარებს, მაგრამ ეს ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ზოგადი ფონი შეიცვალოს. ამას ძალიან დიდი მცდელობით მუშაობა სჭირდება და ჩვენ ამას დაუღალავად აუცილებლად გავაგრძელებთ“, - ამბობს სვანაძე.
მისი შეფასებით, ეკომეგობრული სათამაშოების განვითარება მხოლოდ ბიზნესის საკითხი არ არის და ის საზოგადოების ცნობიერებასა და ჯანსაღ გარემოს შექმნას უკავშირდება.
„აქ მხოლოდ ეკონომიკაზე არ არის საუბარი - საუბარია ჩვენი შვილების ჯანსაღ მომავალზე, გარემოზე, სადაც შემდეგი თაობა გაიზრდება. განვითარებულ ქვეყნებს ეს უკვე კარგად აქვთ გააზრებული და სწორედ ამიტომ ზრუნავენ მდგრადობაზე. ჩვენთან კი ამ მიმართულებით უფრო სტაგნაციაა და ცნობიერება დეფიციტურია“, - აცხადებს „კოდალას“ დამფუძნებელი.
მისივე თქმით, სექტორს დამატებითი რესურსი აღარ რჩება იმისთვის, რომ დამოუკიდებლად იმუშაოს ცნობიერების ამაღლების კამპანიებზე და ამ მიმართულებით მეტი ინსტიტუციური თანამშრომლობაა საჭირო.
„სექტორი მზად არის, თუმცა ამ სექტორს საკმაოდ ბევრი გამოწვევა აქვს და არ არის დარჩენილი ის ფანჯარა, რომ დამატებით რესურსები გამოვნახოთ მსგავსი ინიციატივებისთვის. ამ ნიშის კუთხით საგულისხმო იქნება შესაბამისი სტრუქტურების და უფრო მეტი თანამშრომლობის გაძლიერება“, - ამბობს სვანაძე.
მისი თქმით, მიმდინარე გამოწვევების ფონზე კომპანია რესურსების დივერსიფიკაციასაც ცდილობს და სათამაშოების გარდა კორპორატიულ მიმართულებასა და სუვენირების წარმოებას ავითარებს, რათა ფინანსური მდგრადობა შეინარჩუნოს. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, სექტორს მხოლოდ ბიზნესის ადაპტაცია ვერ გადაარჩენს, თუ მოთხოვნის მხარესაც არ გაძლიერდა მხარდაჭერა.
„საგულისხმოა, რომ გვყავდეს ძლიერი მხარდამჭერები - არა მხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან, არამედ საზოგადოების მხრიდანაც, რომელსაც ექნება ცნობიერება, რამდენად მნიშვნელოვანია იყიდო ქართული, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შენი შვილებისთვის“, - აცხადებს კოტე სვანაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge