
"საზოგადოებამ უნდა იცოდეს რა და რისთვის კეთდება" - ტურიზმის ექსპერტი სამორინეების ტურნირების შეღავათებზე
ტურიზმის ექსპერტი თემურ დიასამიძე კაზინოებისთვის საერთაშორისო ტურნირების მოსაწყობად საგადასახადო შეღავათების შემოღების დადებით ასპექტებსა და რისკებზე საუბრობს. ის მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში გადაწყვეტილება შეიძლება იმიჯის ნაწილში იყოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი, თუმცა რეალური შედეგის შესაფასებლად პროცესს უნდა დავაკვირდეთ.
საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების მოწყობისთვის საგადასახადო შეღავათებს უწესებს. ცვლილებების მიზნად სახელდება უცხოელი ვიზიტორების მოზიდვა და არასეზონზე ტურისტული სექტორის გააქტიურება.
თემურ დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკითხი დაინტერესებულ ჯგუფებთან გამჭვირვალე კომუნიკაციის გარეშე გადაწყდა. მისი თქმით, ბევრ რამეს გამოაჩენს პირველი ეტაპები - რა ტიპის ტურნირები გაიმართება, გაიმართება საერთოდ თუ არა, როგორ გაკონტროლდება, ვინ იქნებიან მონაწილეები, რა თანხებზე იქნება საუბარი და ა.შ.
"ეს დიდი ინდუსტრიაა, ზოგადად საქართველოსთვისაც, მაგრამ განსაკუთრებით ბათუმისთვის. შეიძლება ვისაუბროთ ამ ცვლილებების დადებით და უარყოფით მხარეებზეც. დადებითი მხარეები ის არის, რომ არასეზონურ პერიოდში, თუ დიდი ტურნირები გაიმართება, რასაკვირველია, ნაწილობრივ განთავსების სექტორს დატვირთავს, მაგრამ არ არის იმ მოცულობებზე ლაპარაკი, რომ ამან რეალური სურათი შეცვალოს სეზონის გარე პერიოდში.
აქ ასევე დადებითი მხარე არის ის, რომ ფისკალურად ეს მნიშვნელოვნად არ აისახება, იმიტომ, რომ ის შეღავათები, რომელიც არის გათვალისწინებული, არ არის ძალიან დიდი. მაგრამ აქ არის, რა თქმა უნდა, რისკებიც, იმიტომ, რომ არის მითითებული, 80% უნდა იყოს უცხოელი და 20% მხოლოდ ადგილობრივი. ამის გაკონტროლება ფაქტიურად შეუძლებელი იქნება.
ასევე არის რისკი იმისა, რომ AML ჩეკერი, ეგრეთ წოდებული ფულის გათეთრებისგან დაცული რომ ვიყოთ, ეს პროცესი როგორ დარეგულირდება. მგონია შეხვედრა კაზინოს მენეჯერებთან და საქართველოში ამ მხრივ უფრო სხვა პრობლემები არის, ვიდრე კონკრეტულად ამ ტურნირების დაშვება და რაღაც საგადასახადო შეღავათი. აქ არის ბრენდების პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენთან დიდი საერთაშორისო ბრენდები არ არიან ჯერჯერობით შემოსული. ასევე ჩვენთან ბანკინგი პრობლემაც არის, ანუ ისევ და ისევ ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობა კაზინოებისთვის და შესაბამისად მოთამაშეებისთვის ადგილზე უკვე და ასევე პრობლემა არის ლოჯისტიკა, იმიტომ, რომ ჩვენთან წარმოიდგინეთ VIP მოთამაშეები ფაქტიურად არ ჩამოდიან. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ჩვენთან ჩამოსვლა საკმაოდ ძნელია, ამისთვის ორგანიზატორებს უცებ ფაქტიურად ჩარტერული ფრენების დაორგანიზება. ამიტომ ეს სამი მიმართულება უფრო პრობლემურია, ვიდრე რაღაც საგადასახადო შეღავათები და ასე შემდეგ.
ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ შედეგებზე, რომელსაც ეს ცვლილება მოიტანს. შევხედავთ, პირველივე წელს, თუ რაღაც დიდი ტურნირი გაიმართება, ვნახავთ ვინ იქნება ორგანიზატორი, რანაირად იქნება დაორგანიზებული და შემდეგ შეიძლება უკვე რაღაც დასკვნების გამოტანა. არის ასეთი ცვლილებების და ასეთი ინიციატივების წარმატებული მოდელებიც იმ ქვეყნებსი, სადაც კარგად კონტროლდება ბიზნესი, სადღაც ძლიერი ბრენდებია, მაგალითად აშშ, მონაკო, მაგრამ გესმით ახლა აქ სხვა ხარისხობრივ დონეზეა საუბარი, ვიდრე ჩვენთან არის ეს ბიზნესი ამ ეტაპზე. თუმცა არის ცუდი მაგალითებიც, მაგალითად ფილიპინები და ასე შემდეგ, სადაც თანხის არასწორად მოძრაობაზე კეთდებოდა აქცენტები. არის რა თქმა უნდა თვითონ მიღებაში პრობლემებიც, იმიტომ, რომ დაჩქარებული წესით რა მისაღები იყო ასეთი რაღაც, ბიზნესის წარმომადგენლები ჩართული იყვნენ, მაგრამ გამჭვირვალე ეს პროცესი ნამდვილად არ ყოფილა. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებით დაინტერესებული ვინც არიან, არც მათ ეკითხებიან არაფერს. როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებენ, საზოგადოება ცოტა უფრო კარგად უნდა იყოს ჩართული საქმეში და იცოდეს ზუსტად რა კეთდება, რისთვის კეთდება",- ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, დღესდღეობით ბათუმის ბაზარი VIP კლიენტებისთვის სათანადოდ არ არის მზად და კონკურენტუნარიანობისთვის ინდუსტრიისთვის ფუნდამენტური საკითხების გადაჭრა მნიშვნელოვანია.
ეს შეღავათები წაადგება ამ ბიზნესს, მაგრამ პარალელური პროცესების გარეშე, რაც აუცილებლად გასაკეთებელია, რთული იქნება ამ შედეგების მალე მიღწევა და კონკურენცია ყოველთვის იზრდება, არავინ ჩვენ არ დაგველოდება, თუ სწრაფად არ ვიმოქმედეთ ამ მიმართულებითაც. ეს ძალიან დიდი ბიზნესია ბათუმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი, შეიძლება ბევრი ბენეფიტი მოიტანოს განსაკუთრებულ სეზონის გარე პერიოდში და თუ ამას სათანადო ყურადღება დაეთმობა და ზუსტად ისე განვითარდება, როგორც სხვა ქვეყნებში, წარმატებულ რეგიონებში ვითარდებოდა, ვფიქრობ, რომ ჩვენც ძალიან წარმატებულები ვიქნებით ამ მიმართულებით",- აღნიშნა თემურ დიასამიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge