
"სჭირდება მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები" - მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მედიკამენტებზე ამბობს, რომ ამ საკითხს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები. მან ამის შესახებ "იმედის" ეთერში განაცხადა.
„ყველა რეალურად ანგარიშგასაწევი ექსპერტი ამ სფეროში, ვისაც მართლა შეიძლება დავეყრდნოთ, საუბრობს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში მტკიცებულებების მოძიება მიმდინარეობს, მოწმდება სხვადასხვა წყარო და კეთდება შესაბამისი დასკვნები. ისინი კი, ვინც დღეს ფაქტებს აყალბებს და ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ამ მედიკამენტს კონკრეტულად დღეს, ამ დრომდე, ბრიტანეთზე ადრე არ ყიდულობს, აბსოლუტურად მოკლებულნი არიან რეალურ მსჯელობას. ეს არის პოლიტიკურად ან კომერციულად მიკერძოებული, სრულიად არაჯანსაღი დამოკიდებულება საკითხის მიმართ,“ - თქვა მინისტრმა.
მისი თქმით, საკითხზე საჯარო განცხადებების გაკეთებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროფესიულ ეთიკასა და პასუხისმგებლობას, რადგან არაზუსტმა ან არასწორად ინტერპრეტირებულმა ინფორმაციამ შესაძლოა საზოგადოება და განსაკუთრებით პაციენტები შეცდომაში შეიყვანოს.
„ეთიკური და მორალური თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია კარგად გვესმოდეს, რომ უპასუხისმგებლო განცხადებების გაკეთება პრობლემურია. ზოგიერთი პოლიტიკურად მიკერძოებული ექიმის შემთხვევაში, ეს პოლიტიკური მიკერძოება უკვე პროფესიულ ღირსებასაც ჩრდილავს.
ორი კვირის წინ, როდესაც ბრიტანეთის მაგალითზე ვსაუბრობდი და ვამბობდი, რომ ამ დრომდე გადაწყვეტილება მიღებული არ იყო, გულწრფელად - ემპათიის, სოლიდარობის და სხვა მრავალი მიზეზის გამო - ველოდი გადაწყვეტილების მიღებას. ამ ფონზე კი გარკვეული ჯგუფები ბრალდებებს აყალიბებდნენ მაშინ, როდესაც ბრიტანეთს გადაწყვეტილება მიღებული არ ჰქონდა, ხოლო სხვა ქვეყნებს, მათ შორის, შვედეთსა და დანიას, დღემდე არ აქვთ მიღებული გადაწყვეტილება ჯივინოსტატთან დაკავშირებით. განა ისინი არ არიან ევროპული სახელმწიფოები?“ - განაცხადა მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამედიცინო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი სპეციალისტებისგან მედიკამენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ.
„შვედეთი, რომელსაც უზარმაზარი კვლევითი შესაძლებლობები აქვს, აცხადებს, რომ აკვირდება - რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა ვამოროლონი იმ კორტიკოსტეროიდთან შედარებით, რომელსაც თავადაც იყენებს. იგივე პრეპარატი გამოიყენება საქართველოშიც. ისინი არ ჩქარობენ და ფიქრობენ, ღირს თუ არა დეფლაზაკორტის ვამოროლონით ჩანაცვლება. ანალოგიური მიდგომაა ჯივინოსტატთან დაკავშირებითაც.
საფრანგეთმა კი ამ პრეპარატზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან საუბარია მძიმე გვერდით მოვლენებზე. ამიტომ, ამ ყველაფერს სჭირდება ზედმიწევნით ზუსტი, აკურატული და მხოლოდ პროფესიულ საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებები“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
სარჯველაძის თქმით, არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი.
“კარგად უნდა გვესმოდეს - დიუშენის ხუთივე მედიკამენტთან მიმართებით საჭიროა დეტალურად მსჯელობა: აქ აუცილებელია უსაფრთხოების დაზღვევა. მნიშვნელოვანია - კომერციული დაინტერესებისთვის კი არ დაიხარჯოს ფული, არამედ აუცილებელია გვესმოდეს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება, რეალურად, ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი მედიკამენტი. აქ უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია: სიცოცხლის გახანგრძლივება, ეტლში ჩაჯდომის გადავადება, სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება - კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქცია“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, არასწორი მოლოდინების თავიდან ასაცილებლად დიდი სიფრთხილეა საჭირო.
„ვერც კი დავუშვებ, რომ დღეს შეიძლება ვინმეს არ ჰქონდეს სოლიდარობა დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების მიმართ. ამორალურია, როდესაც ამაზე პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ.
ბრიტანეთი დაადგა იმ გზას, რომ წარიმართოს განხილვები „ჯივინოსტატის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად, ასე ვთქვათ, დაიძრა პირველი ეტაპი. ამ გადაწყვეტილებას რა დათქმებიც მოჰყვება, ვიღაცამ ხომ უნდა თქვას? ხომ სათქმელია, რომ ეს მედიკამენტი არ ესადაგება ყველა პაციენტს; რომ მედიკამენტს აქვს როგორც ასაკობრივი შეზღუდვა, ისე - ძალიან მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებზე გავლენის პოტენციალი - ბენეფიციარს, წინასწარი შემოწმებით, კონკრეტული ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ არ ექნება, პრეპარატი მასზე ვერ გავრცელდება. ეს ხომ ვინმემ უნდა თქვას და არ დაანთოს ყალბი გამარჯვების ყიჟინა?!
ამ დრომდე ბრიტანეთის მაგალითი რომ მომყავდა - არგუმენტად არ იღებდნენ და როგორც კი მან დაფინანსების განხილვა დაიწყო, ახლა რაღას იტყვიო, მეკითხებიან. თქმა, შეჯიბრი და სპორტული აზარტი კი არ მალაპარაკებს, ჩემთვის მნიშვნელოვანი სხვა რამ არის - ცოტა ხნის წინ ვესაუბრე დანიელ და შვედ მეცნიერებს. ამ ხუთი მედიკამენტიდან არცერთი მიღებული არ აქვს, მაგალითად, შვედეთს. რატომ? იმიტომ, რომ ამას სჭირდება მტკიცებულებებზე დაფუძნებული კვლევა - რა სარგებელს მოიტანს ესა თუ ის პრეპარატი. რატომ არის იცით ეს მნიშვნელოვანი? იქნებ „ვამოროლონის“ ან „ჯივინოსტატის“ დანერგვა საჭიროებს სხვა ტიპის სამსახურს, რომელიც გამართულად იფუნქციონირებს და ყველაფერი ერთობლივად თუ არ გააკეთე, უბრალოდ, უსარგებლო იქნება.
მედიცინა არ არის ის სივრცე, სადაც ადამიანებს თავისუფლება აქვთ - პოლიტიკური დივიდენდები დაიწერონ ისეთ საკითხებზე, როგორიც ადამიანის გაჭირვებაა. არ შეიძლება მედიცინის სფეროში ასეთი დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, განსაკუთრებულად ღირებული და სენსიტიურია ფასი სიმართლისა“,- განაცხადა მიხეილ სარჯევლაძემ.
უკვე 19 დღეა, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ატარებენ უწყვეტ აქციას მთავრობის კანცელარიის წინ და ითხოვენ ბავშვების სიცოცხლის გასახანგრძლივებლად აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას.
BM.GE
წყარო: bm.ge