
სებ-ი მომდევნო წლებში რეფინანსირების განაკვეთის გაზრდილ დონეზე შენარჩუნებას არ გამორიცხავს | დოკუმენტი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს 2027-2029 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები წარუდგინა. დოკუმენტის მიხედვით, მომდევნო წლებში მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდილ დონეზე შენარჩუნებას არ გამორიცხავს. აღნიშნულ დოკუმენტს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს დღეს, სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა წარადგენს.
სებ-ის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოში ინფლაცია საშუალოდ 5.2% იქნება, რაც მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს აღემატება. ცენტრალური ბანკი ვარაუდობს, რომ 2027 წელს ინფლაცია შემცირდება და 2.7%-ს მიაღწევს, რის შემდეგაც საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან დასტაბილურდება.
ეროვნული ბანკის განმარტებით, მიმდინარე წელს ინფლაციის ზრდა ძირითადად საგარეო ფაქტორებს, უმეტესწილად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შედეგად ენერგომატარებლების გაძვირებას უკავშირებს.
სებ-ის შეფასებით, 2026 წლის პირველი რვა თვის საშუალო ინფლაციამ 5.3% შეადგინა. ამასთან, 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.9% იყო. ცენტრალური ბანკის თანახმად, 2025 წლის ინფლაციაზე გავლენა წინა წლების დაბალმა საბაზო ეფექტმა და ერთჯერადმა ფაქტორებმა, მათ შორის დენზე ტარიფების ზრდამ მოახდინა.
ინფლაციური რისკების ზრდის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის მაისში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით გაზარდა და 8.25%-მდე შეადგინა. მომდევნო, ივნისის, ივლისისა და სექტემბრის სხდომებზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განაკვეთი უცვლელად დატოვა.
დოკუმენტში კონკრეტული თარიღი ან ვადა, თუ როდის დაიწყებს ეროვნული ბანკი განაკვეთის შემცირებას, მითითებული არ არის. სებ-ის თანახმად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემდგომი ცვლილება განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და რისკების ანალიზზე იქნება დამოკიდებული.
ცენტრალური ბანკი მომდევნო წლებში ინფლაციის შესაძლო განვითარების სამ სცენარს განიხილავს: ცენტრალურს, მაღალინფლაციურსა და დაბალინფლაციურს. მაღალინფლაციური რისკების რეალიზების შემთხვევაში, მონეტარული პოლიტიკის უფრო მკაცრი რეაგირება იქნება საჭირო, ხოლო ინფლაციური წნეხის შემცირების შემთხვევაში სებ-ი შედარებით რბილი პოლიტიკის გატარებას განიხილავს.
ეროვნული ბანკი მომდევნო წლების მთავარ გაურკვევლობად გეოპოლიტიკურ ვითარებას, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგორესურსებისა და სურსათის ნედლეულის ფასებს, ტრანსპორტირების ხარჯებსა და განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მონეტარულ პოლიტიკას ასახელებს.
დოკუმენტში ეროვნული ბანკი ყურადღებას ასევე ამახვილებს საბანკო სისტემის ლიკვიდობასა და მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმზეც. სებ-ის განმარტებით, 2025 წელს რეფინანსირების სესხების მოცულობა შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა და ფისკალური კონსოლიდაცია საბანკო სისტემაში ლიკვიდობაზე მოთხოვნას ზრდიდა. ამის მიზეზად ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებულ ინტერვენციებს ასახელებს. კერძოდ, 2025 წელს სებ-მა 2.4 მლრდ აშშ დოლარის უცხოური ვალუტა წმინდად შეისყიდა, რის შედეგადაც საბანკო სექტორს 6.6 მლრდ ლარის ლიკვიდობა მიეწოდა. ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მოცულობამ 3.1 მლრდ დოლარი შეადგინა, რის შედეგადაც ბაზარს დამატებით 8.3 მლრდ ლარის ლიკვიდობა მიეწოდა. ლიკვიდობის ჭარბი მოცულობის მართვის მიზნით, სებ-მა რეფინანსირების სესხებისა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებასთან ერთად, 2026 წლის აგვისტოდან სახაზინო ფასიანი ქაღალდების მეორად ბაზარზე გაყიდვა, სექტემბრიდან კი სადეპოზიტო სერტიფიკატების გამოშვება დაიწყო.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ლარიზაციის ღონისძიებების შედეგად, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი საკრედიტო პორტფელის 58.8% ლარში იყო დენომინირებული. ფიზიკური პირების სესხებში ლარის წილი 79.5%-ს შეადგენდა.
რაც შეეხება დეპოზიტებს, 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, მთლიანი დეპოზიტების 56.8%, ხოლო რეზიდენტების დეპოზიტების 63% ეროვნულ ვალუტაში იყო განთავსებული.
სებ-ის შეფასებით, დოლარიზაციის შემცირება მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობისა და ფინანსური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მაღალი დოლარიზაცია კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
BM.GE
წყარო: bm.ge