
სებ-მა "ბაზისბანკს" სისტემური მნიშვნელობის ბანკის სტატუსი მიანიჭა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ბაზისბანკს" სისტემური მნიშვნელობის ბანკის სტატუსი მიანიჭა. აქამდე, სისტემური მნიშვნელობის სტატუსს მხოლოდ "თიბისი", "საქართველოს ბანკი" და "ლიბერთი ბანკი" ატარებდნენ, ახლა კი მათ რიგებს "ბაზისბანკიც" შეუერთდა, რაც 2026 წლის 16 აპრილს, "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შესყიდვას უკავშირდება.
სისტემური ბანკის სტატუსის მიღება, ერთი მხრივ, არის ბანკის ზომის ზრდის აღიარება, მეორე მხრივ კი, ამ სტატუსის მქონე ფინანსურ ინსტიტუტებს სებ-ისგან დაწესებული აქვთ სპეციალური ბუფერები, რომელთა დაკმაყოფილებაც მათ მუდმივად უწევთ. აღნიშნული ბუფერი დამოკიდებულია ბანკის აქტივების სტრუქტურაზე, კერძოდ გაცემულ სესხებზე, დეპოზიტებზე, ბანკთაშორის ვალდებულებებსა და სხვა პარამეტრებზე. ბუფერის ზომა განისაზღვრება 0.5%-დან 5%-მდე. გამოქვეყნებულ ბრძანებაში მითითებული არაა, თუ რა იქნება "ბაზისბანკის" სისტემური ბუფერი.
"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანების შესახებ:
"ბაზისბანკი"
ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორაციულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. მისი მფლობელია ჩინური "ჰუალინგ გრუპი", ხოლო უშუალოდ "ჰუალინგ გრუპის" აქციონერები არიან ჩინეთის მოქალაქეები, ბიზნესმენები წოუ ივეი 46.76% და მი ზაიქი 51%.
2026 წლის თებერვლის მდგომარეობით, ბანკის აქტივები 5 მილიარდ ლარს, საკრედიტო პორტფელი 3.57 მილიარდ ლარს, დეპოზიტები კი 3.6 მილიარდი ლარია. ამასთან, ბანკს 2025 წელს 122.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა. ბანკის ROE, ანუ უკუგება კაპიტალზე 14%-ს შეადგენს. ბანკის აქტივები სისტემის 4.73%-ია.
"ლიბერთი ბანკი"
ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს.