
სებ-მა საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ 39 000 ლარით დააჯარიმა - მიზეზები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საბროკერო კომპანია შპს „ალფა კაპიტალ ედვაიზორი“ 39,000 ლარით დააჯარიმა.
როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
• საბროკერო კომპანიის მიერ პირველადი აღრიცხვის ფორმის წარდგენა მოხდა დაგვიანებით, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით; • საბროკერო კომპანიის მიერ შემოწმების პროცესში ეროვნული ბანკისთვის მის ხელთ არსებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის არასწორად წარმოდგენის 1 ფაქტის გამო 2,000 ლარის ოდენობით; • ორ კლიენტთან მიმართებით საბროკერო კომპანიის მიერ რისკის მინიჭება განხორციელდა საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, რისკის შეფასების თაობაზე ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაბამისი რისკ-ფაქტორების გათვალისწინების გარეშე, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას – 3 000 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ კლიენტთან მიმართებაში. • საბროკერო კომპანიის მიერ შემუშავებული პოლიტიკა/პროცედურები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით (ასევე, ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოებით) განსაზღვრულ მოთხოვნებს, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 5,000 ლარის ოდენობით; • საბროკერო კომპანიის მიერ კლიენტთან მიმართებით ვერიფიკაციის გარეშე მომსახურების გაწევის ერთი ფაქტი, რაც დაჯარიმებას 1,000 ლარის ოდენობით; • საბროკერო კომპანიას არ გააჩნია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნებისათვის პროგრამული (ელექტრონული) სისტემა (რომელიც უზრუნველყოფს საყურადღებო/საეჭვო ნიშნების, მათ შორის, დანაწევრებული ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენას და პირის ავტომატურ გადამოწმებას პოლიტიკურად აქტიურ, გაეროს უშიშროების საბჭოს და ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი მითითებებით მოთხოვნილ სანქციათა რეჟიმებით გათვალისწინებულ სანქცია დაკისრებულ პირთა სიებში გადამოწმებას), რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას 20,000 ლარის ოდენობით.
სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, კომპანია 2021 წელს დაარსდა. მის 75%-ს ფლობს საქართველოს/დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ორმაგი მოქალაქე ირაკლი ელაშვილი, ხოლო 25%-ს ლევან წუწუნავა.
BM.GE
წყარო: bm.ge