
სესხებზე მოთხოვნამ შესაძლოა, იქ გადაინაცვლოს, სადაც შემოსავლების შესწავლა არ ხდება - MBC სებ-ის რეგულაციაზე
მიკრობანკ MBC-ში აცხადებენ, რომ ფიზიკური პირებისთვის სესხის აღების პირობების გამკაცრება ყველაზე მკვეთრად მიკრობანკების სასესხო პორტფელზე აისახება.
როგორც MBC-ის გენერალურმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ეროვნული ბანკის მხრიდან ჭარბვალიანობის რისკების შემცირების მიზნით, რეგულაციების პერიოდული გადახედვა სექტორისთვის გასაგებია. თუმცა როგორც გია პეტრიაშვილი ამბობს, რთულია წინასწარ განსაზღვრა, რამდენად სწორად შეირჩა სახელფასო განაწილება, რომლის მიხედვითაც კრედიტის ლიმიტი 1500-დან 2500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებისთვის მცირდება.
მისი თქმით, არაა გამორიცხული, აღნიშნულმა რეგულაციამ ამ სეგმენტის სესხების სალომბარდე სექტორში გადასვლა გამოიწვიოს.
“მიკრობანკი „ემბისი“ მივესალმებით იმას, რომ რეგულაციების პერიოდული გადახედვა ხდება. ეს რეგულაციები შემოტანილია 2019 წელს და მას უკვე 6-7 წელი გავიდა და ახლა ხდება გარკვეული დაზუსტებები. ეს არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, ის ლეგიტიმური მიზანი, რაც ეროვნულ ბანკს აქვს, რომ ჭარბვალიანობა ავიცილოთ თავიდან, ეს შედის როგორც ეროვნული ბანკის, ისევე ბაზრის მოთამაშეების ინტერესებში.
რა თქმა უნდა, ამ 6-7 წელიწადში გაიზარდა ადამიანების შემოსავლები, ჩვენი პოტენციური მსესხებლების შემოსავლები, თუმცა მე ვიტყოდი, რომ ეს ცვლილება ძირითადად შეეხება უფრო მიკრობანკებს, ვიდრე კომერციულ ბანკებს. იმიტომ რომ ასეთი დაბალშემოსავლიანი კლიენტურა ძირითადად არის ჩვენი სამიზნე კატეგორია. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ წინააღმდეგობას შექმნის მათ დაკრედიტებაში. არის თუ არა სწორად გათვლილი ეს ბარიერი, ამას გარკვეული დრო სჭირდება, რომ დავინახოთ, ეს რამდენად სწორია.
ზოგადად ჭარბვალიანობა, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პრობლემა, მაგრამ საქმე იმაში გახლავთ, რომ მოთხოვნა ამ კატეგორია მსესხებლის მხრიდან არსად არ გაქრება და თუ ეს ბარიერი იქნება არასწორად განსაზღვრული, უბრალოდ ეს გადაინაცვლებს იმ სეგმენტში, სადაც საერთოდ არ ხდება შემოსავლების შესწავლა. ჩვენ ვიცით, რომ დღეს პრაქტიკულად მიკროსაფინანსო სექტორი, იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს ის წარმოდგენილია საქართველოში, ძირითადად ისეთ პროდუქტებს სთავაზობენ ბაზარს, სადაც შემოსავლების შესწავლა არ არის აუცილებელი. ეს არის ე.წ. სალომბარდე ტიპის სესხები. ეს არის ოქროს ლომბარდი და ავტოლომბარდი.
ეს ნიშნავს იმას, რომ ის მსესხებლები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ რეგულაციის მოთხოვნებს და PTI-ს, სულ უფრო და უფრო მეტად მიმართავენ მიკროსაფინანსო სექტორის იმ პროდუქტებს, სადაც შემოსავლების შესწავლა არ ხდება”, - განაცხადა გია პეტრიაშვილმა.
ცნობისთვის, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2027 წლიდან დაკრედიტების წესების გამკაცრება იმ მსესხებლებს შეეხება, რომელთა ყოველთვიური წმინდა შემოსავალი 1500-დან 2500 ლარამდეა. მათთვის დასაშვები სესხის ყოველთვიური მომსახურების მაქსიმალური მოცულობა 50%-დან 25%-მდე შემცირდება.
BM.GE
წყარო: bm.ge