
„სეზონის გახსნის თარიღის ცოდნა მნიშვნელოვანია“ – რა სიახლეები დახვდებათ გუდაურში დამსვენებლებს?
ორგანიზაცია „დაიცავი მთის კურორტების“ დამფუძნებლის, გეგა სალუქვაძის განცხადებით, ზამთრის საკურორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, მთის ტრასების სააგენტომ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დააანონსა. მათ შორის მთავარი სათხილამურო ტრასების გახსნის თარიღის წინასწარ გამოცხადებაა.
სალუქვაძის განმარტებით, ვადების წინასწარ ცოდნა სასტუმროების მფლობელებისა და კერძო გამქირავებლებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ეს მათ ადრეულ ეტაპზევე ჯავშნების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
გარდა ამისა, საუბარია გუდაურის სათხილამურო ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე. კერძოდ, მიმდინარე სეზონზე კურორტს ემატება ხელოვნური გათოვლიანების ახალი სისტემები. სალუქვაძე აღნიშნავს, რომ გუდაურში დამონტაჟდა სპეციალური ტიპის თოვლმფრქვევი მოწყობილობა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მხოლოდ 25 კურორტზე გამოიყენება. მისი თქმით, აღნიშნული ტექნოლოგია კურორტს საშუალებას მისცემს, ნაკლებად იყოს დამოკიდებული ბუნებრივ ნალექზე, რაც გასულ წლებში ბიზნესისთვის შეფერხების მთავარი მიზეზი იყო.
„ჯავშნების მისაღებად ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ტურისტმა ზუსტად უნდა იცოდეს, როდის იხსნება სეზონი. ასევე გათოვლიანების სისტემა ემატება გუდაურს. ვიცით, რომ ბაკურიანს ეს ყველაფერი აქვს, რადგან სამი წლის წინ იქ მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა თავისუფალ სტილში, რისთვისაც ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა შეიქმნა და ეს ბაკურიანს დარჩა. ამ კუთხით გუდაური ცოტა იჩაგრებოდა. წელს გუდაურში განსაკუთრებული თოვლმფრქვევი იქნება აწყობილი, ასეთი სპეციალური ტიპის მოწყობილობა სულ 25 კურორტზეა და მათ შორის უკვე გუდაურიც იქნება. ეს ძალიან გვიხარია, რადგან, როგორც აღვნიშნე, ჩვენი სეზონი აღარ ვიქნებით მხოლოდ ნალექზე დამოკიდებული.“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში სალუქვაძემ.
ამასთანავე, სააგენტოს ინიციატივით, გუდაურს ემატება ღამის სრიალის ტრასებიც. სექტორის წარმომადგენლის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალი მოსრიალეებისა და ვიზიტორებისთვის, რადგან დღის განმავლობაში უამინდობის გამო გაცდენილი დროის კომპენსირებასა და კურორტზე დამატებითი აქტივობების გაჩენას შეუწყობს ხელს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად 20 დეკემბერს, გუდაურში, გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზით, წლევანდელი სეზონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იქნება. სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორებს განახლებული ინფრასტრუქტურა, ახალი საბაგიროები, გაუმჯობესებული სათხილამურო ტრასები და უსაფრთხოების ახალი სტანდარტები დახვდებათ.
BM.GE
წყარო: bm.ge