
შარშან, ამ პერიოდში ტურისტებისგან მოთხოვნა უფრო მაღალი იყო - "როიალ ტივი"
ბათუმიდან 15 კილომეტრში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭახლისპირში მდებარე სეზონური რესტორანი „როიალ ტივი“ მიმდინარე ტურისტულ სეზონს შემცირებული აქტივობით შეხვდა. როგორც BM.GE-სთან საუბრისას ობიექტის მფლობელმა, თორნიკე დიასამიძემ განაცხადა, რესტორანი დაახლოებით 10 დღეა გაიხსნა, თუმცა უკვე შეინიშნება ტურისტული ნაკადების კლება გასულ წელთან შედარებით.
მისი თქმით, ობიექტი სეზონურად მუშაობს, რის გამოც მიმდინარე პერიოდის სრულფასოვნად შეფასება ჯერ ნაადრევია, თუმცა პირველადი ტენდენციები ნაკლებ აქტივობაზე მიუთითებს.
„ეს რესტორანი სეზონურია და გახსნილები ვართ დაახლოებით 10 დღეა, ამიტომ ჯერჯერობით საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია. თუმცა, რაც უკვე ჩანს, არის ის, რომ შარშან ამ პერიოდში ტურისტებისგან უფრო მეტი მოთხოვნა იყო“, - განაცხადა თორნიკე დიასამიძემ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე რესტორანი დაახლოებით 30%-იანი დატვირთვით მუშაობს, ხოლო ძირითად მომხმარებლებს ადგილობრივი დამსვენებლები და სხვადასხვა საოჯახო ღონისძიების სტუმრები წარმოადგენენ.
„ტურისტული ნაკადიც შემცირებულია და ზოგადად ყველაფერი ერთმანეთზე ჯაჭვურად არის მიბმული. ამ ეტაპზე ძირითადად ქართველ მომხმარებლებზე ვართ დამოკიდებული - იუბილეები, დაბადების დღეები და მსგავსი შეკრებები ჭარბობს“, - აღნიშნა რესტორნის მფლობელმა.
დიასამიძის ინფორმაციით, მიუხედავად გაზრდილი საოპერაციო ხარჯებისა, ობიექტს ფასები ამ ეტაპზე არ გაუზრდია. „ფასები ჯერ არ დაგვიკორექტირებია და ისევ შარშანდელი ტარიფები მოქმედებს. თუმცა, თუ ხარჯების ზრდა გაგრძელდება, შესაძლოა ჩვენც მოგვიწიოს ფასების გადახედვა“, - განაცხადა მან.
რესტორნის მფლობელი ამბობს, რომ სეზონის ძირითადი შეფასება ივლის-აგვისტოში გახდება შესაძლებელი, როდესაც ტურისტული ნაკადები პიკურ ფაზაში შევა.
BM.GE
წყარო: bm.ge