
შარშანდელთან შედარებით ბლის უკეთეს მოსავალს ველით, თუმცა ყინვა წელსაც იყო - "ჩერი.ჯი"
"შარშანდელთან შედარებით ბლის უკეთეს მოსავალს ველით, თუმცა ყინვა წელსაც იყო", - ამის შესახებ Bm-ge-სთან ინტერვიუში გორის რაიონში მდებარე ბლის ბაღების “ჩერი.ჯის” დამფუძნებელმა დავით ჭუბაბრიამ განაცხადა.
მისი თქმით, "ჩერი.ჯის" ბაღების წარმადობა 150 ტონაა, თუმცა წელს ყინვის გამო, მოსავლის დაახლოებით ნახევარს ელოდება.
“წელსაც იყო ყინვა, თუმცა ისე კატასტროფული არა, როგორც შარშან. წელს 8 საათის განმავლობაში იყო ნულის ქვემოთ ტემპერატურა და მინიმუმს 4 გრადუსს მიაღწია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. არის ისეთი ბაღები, რომლებიც უფრო დაზარალდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ საშუალო შეფასების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ბლის და კურკოვნების 50% გორის რეგიონში დაზიანდა. შესაბამისად, თუ სავარაუდო მოსავალი ჩემს ბაღში უნდა იყოს დაახლოებით 150 ტონა, წელს ვიმედოვნებ, რომ ნახევარი - 70-75 ტონა უნდა მივიღოთ. თუმცა, გასულ წელს 5 ტონა ავიღეთ, ანუ დაახლოებით 3% იმისი, რაც უნდა მიგვეღო”, - განაცხადა მან.
ჭუბაბრიას თქმით, წელს მოსავლის აღება ცოტა უფრო გვიან ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ვინაიდან წლევანდელი ყვავილობის პროცესი დაახლოებით ორი კვირით დაგვიანდა, შესაბამისად, მოსავლის დამწიფებაც ამავე პერიოდითაა გადავადებული.
ცნობისთვის, „ჩერი.ჯის“ ბაღები დაახლოებით ექვსი წლის წინ გააშენეს. ჯამურად ბაღების გაშენებაში 2,5 მლნ ლარის ინვესტიციაა ჩადებული, რასაც ემატება სახელმწიფოს პროგრამებით მხარდაჭერა. მეჯვრისხევში მდებარე ბლის ბაღების ფართობი 11 ჰექტარს შეადგენს. დავით ჭუბაბრია ბაღების გაფართოებას გეგმავდა, თუმცა წელს ამბობს, რომ უპირველეს ყოვლისა, რეინვესტირებას ყინვის საწინააღმდეგო სისტემებში აპირებს, გამომდინარე იქიდან, რომ ყინვის შედეგად მათი მოსავალი უკვე მეორე წელია ზიანდება.
"2017 წლის შემდეგ ხელი მიმიწვდება მეტეოსადგურის მონაცემებზე, რომელიც უშუალოდ ჩემი ბაღიდან რამდენიმე კილომეტრშია დამონტაჟებული. მონაცემების დამუშავებით, გაირკვა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული აპრილის თვეში იყო 22 ყინვა. აქედან ისეთი ყინვა, რომელიც დააზიანებდა საგრძნობ მოსავალს, იყო 4-5 და ისეთი, რომელიც სრული განადგურების პირობაა, იყო ერთი - შარშან.
სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლიდან სულ იყო სამი ძლიერი ყინვა - -4 გრადუსის ქვემოთ. აქედან ბოლო ორი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში. ანუ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტენდენცია ყინვების მომატების იქნება აპრილის თვეში და ამიტომ საჭიროა დამატებითი ზომები ყინვის საწინააღმდეგო სისტემების სრულყოფისთვის", - განაცხადა მან.
BM.GE
წყარო: bm.ge