
"შარშანდელთან შედარებით ფასი ნაკლებია" - რა ეღირება ბალი ივნისში| ჩერი.ჯი
შარშანდელთან შედარებით ბლის ფასი მეტ-ნაკლებად ნაკლებია, თუმცა იმდენად ნაკლები არა, რომ საგრძნობი იყოს, - ამის შესახებ Bm.ge-სთან ინტერვიუში ბლის ბაღების „ჩერი.ჯის“ დამფუძნებელმა დავით ჭუბაბრიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წელს, ივნისის თვეში ბლის ფასი 10 ლარიდან 20 ლარამდე იქნება.
“როცა უკვე გორის რეგიონიდან დაიწყება ბლის მოსავლის მიღება, სადაც კახეთთან შედარებით, ბლის მოყვანა უფრო მასიურ ხასიათს ატარებს, შარშანდელთან შედარებით ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ფასი უფრო დაბალი იქნება, თუმცა შარშანწინდელთან შედარებით მაინც მაღალი.
თუმცა, მხოლოდ მოსავლიანობაზე არ არის, ზოგადად ლარის მსყიდველობითი უნარი ამ ორი წლის განმავლობაში გარკვეულწილად შემცირდა, ისევე როგორც ყველა სხვა პროდუქტის შემთხვევაში და თავისთავად უფრო ძვირი იქნება.
რაც შეეხება საშუალო ფასს, რთული სათქმელია, სხვადასხვა ხარისხის, ჯიშის შემთხვევაში ფასიც სხვადასხვაა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ საშუალოდ, დაახლოებით 10-დან 20 ლარამდე ეღირება ბალი წელს ხარისხის, ზომის და სხვადასხვა მაჩვენებლების მიხედვით”, - აღნიშნა “ჩერი.ჯის” დამფუძნებელმა.
რაც შეეხება მოსავლიანობას, ჭუბაბრიას თქმით, შარშანდელთან შედარებით ბლის უკეთეს მოსავალს ელიან.
“წელსაც იყო ყინვა, თუმცა ისე კატასტროფული არა, როგორც შარშან. წელს 8 საათის განმავლობაში იყო ნულის ქვემოთ ტემპერატურა და მინიმუმს 4 გრადუსს მიაღწია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში. არის ისეთი ბაღები, რომლებიც უფრო დაზარალდა, ზოგი ნაკლებად, მაგრამ საშუალო შეფასების დონეზე შეიძლება ითქვას, რომ ბლის და კურკოვნების 50% გორის რეგიონში დაზიანდა. შესაბამისად, თუ სავარაუდო მოსავალი ჩემს ბაღში უნდა იყოს დაახლოებით 150 ტონა, წელს ვიმედოვნებ, რომ ნახევარი - 70-75 ტონა უნდა მივიღოთ. თუმცა, გასულ წელს 5 ტონა ავიღეთ, ანუ დაახლოებით 3% იმისი, რაც უნდა მიგვეღო”, - განაცხადა მან.
ჭუბაბრიას თქმით, წელს მოსავლის აღება ცოტა უფრო გვიან ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყება, ვინაიდან წლევანდელი ყვავილობის პროცესი დაახლოებით ორი კვირით დაგვიანდა, შესაბამისად, მოსავლის დამწიფებაც ამავე პერიოდითაა გადავადებული.