
"შეგვიძლია, სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული 1.3 მლნ ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად მივიჩნიოთ" - ზაზა ბროლაძე
სიღარიბის გაზომვის სხვადასხვა მეთოდოლოგია და მაჩვენებელი არსებობს, თუმცა მოსახლეობის რეალური სოციალური მდგომარეობის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ინდიკატორი სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაა - ამის შესახებ ეკონომისტმა ზაზა ბროლაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური სიღარიბის სხვადასხვა ოფიციალურ ინდიკატორს აქვეყნებს (მათ შორის აბსოლუტურ, ფარდობით და საერთაშორისო სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილს), სოციალურად დაუცველთა ბაზა ქვეყანაში არსებულ სურათს უფრო თვალსაჩინოდ ასახავს.
ეკონომისტი ყურადღებას 2025 წლის მონაცემებზე ამახვილებს, რომლის მიხედვითაც, ბაზაში რეგისტრირებულთა და რეალურად შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, თუმცა ზღვარი მათ შორის მყიფეა.
"არსებობს რამდენიმე მაჩვენებელი, რომელიც ითვლის სიღარიბეს - იქნება ეს აბსოლუტური თუ ფარდობითი სიღარიბე. ამასთან, საქსტატი აქვეყნებს სხვადასხვა მაჩვენებლებს, რომლებიც შეგვიძლია ირიბად გამოვიყენოთ სიღარიბის ინდიკატორად. თუმცა, ძალიან სენსიტიური და რეალური მაჩვენებელი გახლავთ სოციალურად დაუცველთა ბაზაში დარეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა.
2025 წლის მონაცემებით, ბაზაში დარეგისტრირებულია დაახლოებით მილიონ სამასი ათასი ადამიანი. აქედან დაახლოებით 704 000 ადამიანი დაკმაყოფილდა - ანუ საქართველოს მოსახლეობის 18%, რომელიც ყოველთვიურად იღებს სოციალურ შემწეობას. თუმცა, ის 33%, ვისაც აქვს სურვილი და განაცხადა, რომ მიიღოს დახმარება, ძალიან ახლოს დგას სიღარიბის რეალურ მაჩვენებელთან. როდესაც ადამიანი ამას განაცხადებს, არა მგონია, მას დალხენილი ცხოვრება ჰქონდეს. ისინი უშუალოდ ცხოვრობენ ამ სიღარიბეში და ძალიან მყიფეა ზღვარი მათ შორის, ვინც მიიღო ეს შემწეობა და ვინც მხოლოდ დარეგისტრირებულია, მაგრამ ვერ მიიღო", - განაცხადა ზაზა ბროლაძემ.
მისივე თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტო შესაბამისი მეთოდოლოგიით აფასებს ოჯახებს, თუმცა არსებული სოციალურ-ეკონომიკური რეალობიდან გამომდინარე, ბაზაში რეგისტრირებული ყველა მოქალაქე შესაძლოა სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფად ჩაითვალოს.
"არსებობს სოციალური მომსახურების სააგენტო, რომლის წარმომადგენლებიც აფასებენ მაძიებლებს სპეციალური მეთოდოლოგიით. თუმცა, თავისუფლად შეიძლება, მთლიანად ეს მილიონ სამასი ათასი ადამიანი მივიჩნიოთ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად, რაც მოსახლეობის დაახლოებით 33%-ია და ეს საკმაოდ რეალური ციფრია. ეს მონაცემები საჯაროა და დევს როგორც საქსტატის, ისე სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდებზე", - აღნიშნა ეკონომისტმა "ანალიტიკას" ეთერში.
BM.GE
წყარო: bm.ge