
Shell-ის პროგნოზით, 2050 წლისთვის LNG-ზე მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება
ენერგეტიკულმა გიგანტმა Shell-მა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა, რომლის თანახმადაც 2050 წლისთვის თხევად ბუნებრივ აირზე, იგივე LNG-ზე გლობალური მოთხოვნა 65%-ით გაიზრდება.
როგორც კომპანიის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, მოხმარების მკვეთრი მატება აზიის ქვეყნების მიერ ქვანახშირის ეკოლოგიური ალტერნატივებით ჩანაცვლებით და მონაცემთა ცენტრების მიერ ელექტროენერგიის გაზრდილი მოთხოვნით იქნება განპირობებული.
საპროგნოზო დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში თხევადი აირის მსოფლიო მოხმარება წელიწადში თითქმის 700 მილიონ ტონას მიაღწევს, გლობალური იმპორტის 40% კი სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებზე მოვა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მდგომარეობას, როგორც ცნობილია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე თხევადი აირით გლობალური ვაჭრობის ტემპი მკვეთრად შეიცვალა. ამერიკა-ისრაელის ომმა LNG-ს ფასების ზრდა გამოიწვია. განსაკუთრებით პრობლემური ვითარება შეიქმნა კატარში, რომლის საექსპორტო ობიექტები ირანმა აშშ-ს საწინააღმდეგო სამხედრო მოქმედებების ფარგლებში დააზიანა. ამასთან, ჰორმუზის სრუტის ბლოკირებამ საერთაშორისო ბაზარს ყოველთვიური გლობალური მიწოდების დაახლოებით მეხუთედი ნაწილი დაუკარგა. თუმცა, როგორც Shell-ში აღნიშნავენ, ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი საწარმოების ამუშავებამ და არსებული ქარხნების მიერ წარმოების გაზრდამ შემცირებული მიწოდება ნაწილობრივ დააბალანსა.