
შშმ პირების პერსონალური ასისტენტების საშემოსავლო გადასახადზე შეღავათი პარლამენტმა I მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით - 71 ხმით 10-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდება.
ცვლილებების ავტორის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ პერსონალური ასისტენტის საქმიანობა თავისი არსით მომსახურებას წარმოადგენს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად უფრო მოქნილი და ეფექტიანი საშუალება მასთან მომსახურების ხელშეკრულების და არა შრომითი ხელშეკრულების გაფორმება იქნება.
განმარტებითი ბარათის თანახმად, თუ პერსონალური ასისტენტი სერვისს გასწევს ფიზიკური პირი, მისი ანაზღაურება დაიბეგრება სპეციალური შეღავათიანი რეჟიმით 2%-ით (ნაცვლად ზოგადი 20%-ისა), ხოლო იმ პერსონალური ასისტენტებისთვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე პირებად, არსებული დაბეგვრის რეჟიმი უცვლელად შენარჩუნდება.
BM.GE
წყარო: bm.ge