მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 15 ძაღლის შესყიდვაზე 241 000 ევროს დახარჯავს
შსს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 15 ძაღლის შესყიდვაზე 241 000 ევროს დახარჯავს

შსს ნარკოტიკების აღმოჩენაზე გაწვრთნილი 15 ძაღლის შესყიდვაზე 241 000 ევროს დახარჯავს

BM.GE20 აგვისტო, 2026, 17:31|bm.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე წინასწარ გაწვრთნილი 15 სპეციალიზებული ძაღლის, შესაბამისი აღჭურვილობისა და კინოლოგებისთვის საერთაშორისო სერტიფიცირებული სასწავლო კურსის შესყიდვას გეგმავს. შესყიდვის ღირებულება 241 272 ევროს შეადგენს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, შესყიდვის საფუძვლად მითითებულია „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება“. შესაბამისი გამარტივებული შესყიდვის შესახებ თანხმობა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2025 წლის 2 ოქტომბერს აქვს მიღებული.

შესყიდვა მოიცავს ადამიანის სუნის კვალზე მომუშავე ხუთ წინასწარ გაწვრთნილ/სპეციალიზებულ ძაღლს და ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენაზე სპეციალიზებულ 10 ძაღლს.

გარდა ამისა, სამინისტრო შეიძენს 15 პლასტმასის გალიას, 15 წყლის თასს, 30 XL ზომის სპეციალურ ბურთს, პატრულირებისა და ძებნის საბმელებს, ჯაგრისებს, სამსახურებრივ ჟილეტებს, ლაგამებსა და სხვადასხვა ტიპის საყელოებს. შესყიდვის ჩამონათვალში ასევე შედის 15 დისტანციური ელექტრონული საყელო და 30 „Police K9“ ნიშანი/პაჩი.

შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია კინოლოგის სასწავლო კურსიც, რომელიც საერთაშორისო სერტიფიცირებას უნდა ითვალისწინებდეს.

სამინისტროს განმარტებით, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება მნიშვნელოვანია როგორც დანაშაულის ადგილზე ადამიანის სუნის კვალის აღმოჩენისა და ძებნის, ისე ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის მიმართულებით. უწყების განცხადებით, კინოლოგიური სამსახურის მუშაობა საგამოძიებო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის, გატანისა და ტრანზიტის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით სპეციალიზებული დანაყოფები ოპერირებენ საერთაშორისო აეროპორტებში, საზღვაო პორტებში, სახმელეთო და სარკინიგზო სასაზღვრო გამტარ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში. სამინისტროს შეფასებით, ამ დანაყოფების ეფექტიანობის გასაზრდელად საჭიროა სპეციალურად გაწვრთნილი ნარკომძებნი ძაღლების გამოყენება.

შსს-ს მიერ წარდგენილი დასაბუთების მიხედვით, ელექტრონული ტენდერის ჩატარება რამდენიმე თვით გაახანგრძლივებდა შესყიდვის პროცესს, მაშინ როდესაც სამინისტროს არსებული გამოწვევების ფონზე ახალი ძაღლების სამსახურში ჩართვა მოკლე ვადაშია საჭირო.

უწყების განმარტებითვე, სპეციალიზებული ძაღლების მიმწოდებლების დიდი ნაწილი არარეზიდენტი კომპანიებია და მათი ნაწილი სატენდერო პროცედურებში მონაწილეობით დაინტერესებული არ არის. ამასთან, სამინისტრო მიუთითებს, რომ წინასწარ გაწვრთნილი ძაღლების შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ფორმალურ ტექნიკურ მახასიათებლებს, არამედ მათ ქცევას, ყურადღების კონცენტრაციას, კონკრეტულ დავალებებზე მუშაობის უნარსა და ახალ გარემოსთან ადაპტაციას.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ უწყების სხვადასხვა დანაყოფი თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის გამოც მიმწოდებლის შერჩევისას მნიშვნელობა ენიჭება მის მიერ გამოყენებულ სტანდარტებსა და პრაქტიკას. დოკუმენტში ნახსენებია, მათ შორის, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის, საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახურის, ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიუროსა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის მოთხოვნები.

მიმწოდებელი ვალდებული იქნება, ავანსის ჩარიცხვიდან არაუმეტეს 60 კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს სპეციალიზებული ძაღლებისა და K9 აღჭურვილობის სრულად მიწოდება.

მიწოდების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 10 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში უნდა დაიწყოს ტრენინგი. კინოლოგების სასწავლო კურსის ხანგრძლივობა 10 დღეა.

შესყიდვის პირობებით, მიმწოდებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს ძაღლების იმპორტისთვის საჭირო სამედიცინო შემოწმებები და დოკუმენტაცია. ყველა ძაღლი შესაბამისი წესით ჩიპირებული უნდა იყოს.

შსს-ს მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტროს კინოლოგიურ სამსახურში არსებული ძაღლების ნაწილი ასაკოვანია და, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავ ასრულებენ დაკისრებულ ფუნქციებს, უწყების შეფასებით, ახალი გამოწვევების პირობებში თანამედროვე მეთოდებით წინასწარ გაწვრთნილი ძაღლების დამატება აუცილებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი კომპანია "პიემ მეტალს" მიჰყიდა

ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის "რუსთავის ფოლადმა" არმატურის ბიზნესი კომპანია "პიემ მეტალს" მიჰყიდა

BM.GE

მთავრობის ინფორმაციით, კობახიძე მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

მთავრობის ინფორმაციით, კობახიძე მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ სამიტზე მიიწვია

BM.GE

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად ისტორიაში $40 ტრილიონს გადააჭარბა

აშშ-ის სახელმწიფო ვალმა პირველად ისტორიაში $40 ტრილიონს გადააჭარბა

BM.GE

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის შეზღუდვის არეალში 7 586 კვ.მ მიწას აუქციონზე ყიდის - საწყისი ფასი ₾2,1 მლნ-ია

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის შეზღუდვის არეალში 7 586 კვ.მ მიწას აუქციონზე ყიდის - საწყისი ფასი ₾2,1 მლნ-ია

BM.GE