
შსს-ს შენობებში 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი დაიწყება|როგორ დაამუშავებენ ჩანაწერებს ახალი რეგულაციით
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეომონიტორინგის განხორციელების ახალი წესი დამტკიცდა. შესაბამის ბრძანებას ხელი მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა მოაწერა. დოკუმენტი, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონსა და უწყების დებულებას ეფუძნება, ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
ახალი რეგულაცია დეტალურად განსაზღვრავს, თუ სად, რა მიზნით და როგორ განხორციელდება ვიდეო და აუდიომონიტორინგი, ვინ შეძლებს ჩანაწერებზე წვდომას და რა ვადით შეინახავს უწყება მოქალაქეებისა თუ თანამშრომლების ვიზუალურ მონაცემებს.
ბრძანების თანახმად, მუდმივი, 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი განხორციელდება როგორც შენობების გარე პერიმეტრზე (ეზოები, ავტოსადგომები, საგუშაგოები), ისე შიდა სივრცეებში (დერეფნები, ლიფტები, კიბის უჯრედები, მოქალაქეთა მისაღები და მომსახურების სივრცეები, არქივები და იარაღის შესანახი ოთახები).
ვიდეოკამერები უნდა დამონტაჟდეს თვალსაჩინო ადგილას და ახალი წესი ხაზგასმით კრძალავს ფარულ გადაღებას.
აღსანიშნავია, რომ ეს წესი არ ვრცელდება:
• პოლიციელების სამუშაო ფორმებსა და ავტომობილებზე დამონტაჟებულ ვიდეოტექნიკაზე (ბოდიკამერები და ვიდეორეგისტრატორები); • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის ვიდეომეთვალყურეობაზე; • მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრებზე; • დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის (იზოლატორების) შენობებზე; • სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე.
ახალი წესის მიხედვით, შსს-ში დასაქმებული პირების სამუშაო პროცესისა და სივრცის ვიდეომონიტორინგი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებების დაცვაზე ან საქმიანობაზე ეფექტიანი მონიტორინგის განხორციელება სხვა საშუალებით შეუძლებელია.