მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შტატგარეშე ბიუროკრატიის მასშტაბი იზრდება - შეფასება
შტატგარეშე ბიუროკრატიის მასშტაბი იზრდება - შეფასება

შტატგარეშე ბიუროკრატიის მასშტაბი იზრდება - შეფასება

BM.GE14 მაისი, 2026, 09:14|bm.ge

რამდენი შტატგარეშე მოხელეა დასაქმებული სახელმწიფო უწყებებში, ეს ინფორმაცია წლიდან წლამდე კვლავ გაუმჭვირვალედ რჩება, თუმცა ცნობილია ის საბიუჯეტო ანაზღაურება, რასაც აღნიშნული პირები იღებენ. მაგალითად, 2026 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტალის ანგარიშის თანახმად, შტატგარეშე მოხელეთა მიერ მიღებული ანაზღაურება რეკორდული - 154.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით მეტია. თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ, ამ მიმართულებით საბიუჯეტო დანახარჯები წლიდან წლამდე იზრდება და გასულ 2025 წელს რეკორდულ 684 მილიონ ლარს მიაღწია.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით მკვლევარი გოგა თუშურაშვილი ვარაუდობს, რომ იზრდება როგორც შტატგარეშე მოხელეების რაოდენობა, ისე მათი ანაზღაურება. შტატგარეშე მოხელეთა რიცხოვნობის ზრდის მთავარ მიზეზად კი შესაძლებელია განხილული იყოს ის, რომ მათი აყვანა ხდება გამარტივებული კონკურსის პირობებში. მათზე ნაკლებად ვრცელდება შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია რისკი, რომ მათი აყვანა თუ გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდეს.

“შტატგარეშე მოხელეების ზრდის მთავარ მიზეზად შესაძლებელია განხილული იყოს ის, რომ მათი აყვანა ხდება გამარტივებული კონკურსის პირობებში. მათზე ნაკლებად ვრცელდება იგივე შრომითი უფლებების დაცვის გარანტიები. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია რისკი, რომ მათი აყვანა, თუ გათავისუფლება მოხდეს პოლიტიკური ნიშნით.

თუ დავაკვირდებით ხარჯებს, ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად იზრდება. 2025 წლის მდგომარეობით 680 მილიონ ლარს გადააჭარბა ამ მაჩვენებელმა და ფაქტობრივად თუ დაანონსებული იყო, რომ წლიდან წლამდე 10%-ით უნდა გაზრდილიყო ხელფასები, შტატგარეშეების შემთხვევაში მსგავსი ხარჯები საშუალოდ დაახლოებით 20%-მდეა გაზრდილი. შესაბამისად, ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ არა მხოლოდ ანაზღაურება ეზრდებათ მათ, არამედ მათი რაოდენობაც მნიშვნელოვნად იმატებს.

დღეს, ვერავინ გეტყვით, თუ რამდენი შტატგარეშე მოსამსახურე არის დასაქმებული ჯამურად. რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, ეს არის მხოლოდ სსიპ-ების და აიპ-ების მონაცემები საკუთარი შემოსავლების ნაწილში, თუ რამდენ შტატგარეშე თანამშრომელს ასაქმებს. საკმაოდ მზარდი იყო აქაც რიცხოვნობა, ფაქტობრივად დაახლოებით 60 000 შტატგარეშემდე იყო ასული ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი და ყოველწლიურად იზრდებოდა, თუმცა ზოგადად მასშტაბი რამხელაა ამ კუთხით, ამის შეფასება მხოლოდ ამ მონაცემებით შეუძლებელია.

ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე იყო სახელმწიფო კომპანიების საკადრო პოლიტიკა. მათზე პირდაპირ არც ვრცელდებოდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. ასეთ პირობებში ზუსტი დასკვნების გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გრძელდება ეს პოლიტიკა და რა კატეგორიის და რა კონტიგენტის ადამიანების დასაქმება ხდება ამა თუ იმ სახელმწიფო კომპანიებში, ძალიან რთულია”,-აცხადებს გოგა თუშურაშვილი.

2025 წელს საჯარო უწყებებში შტატით დასაქმებული 117,000 მოხელის ანაზღაურებებზე გაცემულია 2.96 მილიარდი ლარი, ხოლო შტატგარეშეებზე, რომელთა რაოდენობაც უცნობია, გაიცა 684 მილიონი ლარის ანაზღაურება, რაც შტატით დასაქმებულთა სახელფასო ფონდის 23%-ის ტოლია.

საშტატოსგან განსხვავებით შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის, სამუშაოს აღწერილობის თუ თანამდებობრივი სარგოს რეგულირება გაცილებით ლიბერალური და არაგამჭვირვალეა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით, შტატგარეშე მოხელეები შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები არიან, რომელთაც მინიჭებული აქვს საჯარო დაწესებულების დამხმარე ან არამუდმივი ამოცანების შესრულების უფლებამოსილება. ასეთი ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში უფრო მარტივი შესარჩევი პროცესი მოქმედებს და ხშირ შემთხვევაში მათი ფუნქცია-მოვალეობებიც ბუნდოვნად არის გაწერილი, ეს კი სპეციალისტების შეფასებით, თავის მხრივ ამ კატეგორიის დასაქმებისას კორუფციულ რისკებს ზრდის.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიდერლანდური მედია საქართველოზე გადაცემას Let’s Visit Georgia ამზადებს - "გადაცემას დაახლოებით 1 მლნ მაყურებელი ეყოლება"

ნიდერლანდური მედია საქართველოზე გადაცემას Let’s Visit Georgia ამზადებს - "გადაცემას დაახლოებით 1 მლნ მაყურებელი ეყოლება"

BM.GE

ღვინის სააგენტოს დახმარება სჭირდება, რომ დამცირებულ მდგომარეობაში აღარ იყოს|გიორგი სამანიშვილის 3 რეკომენდაცია

ღვინის სააგენტოს დახმარება სჭირდება, რომ დამცირებულ მდგომარეობაში აღარ იყოს|გიორგი სამანიშვილის 3 რეკომენდაცია

BM.GE

"ტურიზმის ადმინისტრაციამ სანიტარული კვანძების მდგომარეობა მოიკვლია"|რა ეტაპზეა 100 ტუალეტის პროექტი?

"ტურიზმის ადმინისტრაციამ სანიტარული კვანძების მდგომარეობა მოიკვლია"|რა ეტაპზეა 100 ტუალეტის პროექტი?

BM.GE

სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამართლებული არ იქნება - ძნელაშვილი

სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების გაუქმება გამართლებული არ იქნება - ძნელაშვილი

BM.GE