
სხვა პროდუქტები გაძვირდება, ან ძველი ფასდაკლებები ახლად შეიფუთება - ეკონომისტი "საოჯახო კალათაზე"
ეკონომისტი გოგა ხიშტოვანი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ დაანონსებული „სოციალური თუ საოჯახო კალათის“ ინიციატივა პოპულიზმია და მომხმარებელი მისგან რეალურ შეღავათს ვერ იგრძნობს. მისი განმარტებით, საცალო ქსელები პირველადი მოხმარების პროდუქტებს ისედაც მინიმალური მარჟით ყიდდნენ, ახალი რეგულაციები კი ან სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს, ან უბრალოდ უკვე არსებული ფასდაკლებების ახალ შეფუთვაში წარმოდგენით დასრულდება.
ამ საკითხზე ეკონომისტმა BMGtv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრა. გოგა ხიშტოვანი აანალიზებს, თუ რატომ ვერ იქნება კმაყოფილი მომხმარებელი საბოლოო ჯამში.
„ სხდომებს, შეიძლება სამწუხაროდ კომისიის წევრებისთვის და სტუმრებისთვის, ჩვენც ვუსმენდით და ვიცით, რომ ფაქტობრივად ყველამ თქვა: ძირითად პროდუქციაზე კომპანიები ისედაც მუშაობენ ყველაზე დაბალ ან უარყოფით მარჟებზე და ამ დანაკლისს აბალანსებენ სხვა პროდუქტებზე გაზრდილი მარჟებით.
შესაბამისად, როდესაც ახლა საუბარია იმაზე, რომ ეს კომპანიები შექმნიან რაღაც სოციალურ ან საოჯახო კალათას, რეალურად, ბიზნესმოდელიდან გამომდინარე და კონკურენციის პირობებში, მათ უკვე ჰქონდათ მსგავსი კალათები შექმნილი.
მაგალითად, ავიღოთ წიწიბურა და ბრინჯი. თუ ვამბობთ, რომ ეს იქნება საოჯახო ან სოციალური კალათის ნაწილი ეს პროდუქტები უკვე იყო ასეთი კალათის ნაწილი, რადგან მათი იაფი ფასი იყო წინაპირობა იმისა, რომ, პირობითად, „ორი ნაბიჯი“ მომხმარებელს წაართმევდა „ნიკორას““.
ხიშტოვანის პროგნოზით, არსებული საბაზრო რეალობიდან გამომდინარე, პროცესები მხოლოდ ორი სცენარით შეიძლება განვითარდეს, თუმცა მომხმარებლის ჯამური დანახარჯი მაინც არ შემცირდება.
„შესაბამისად, ახლა რეალურად ორი სცენარია, ან კომპანიებს კიდევ უფრო მეტ უარყოფით მარჟაზე მოუწევთ მუშაობა, რაც ნიშნავს, რომ სხვა პროდუქტებზე მომხმარებელს ფასი გაუძვირდება.