
სკოლების ცენტრალიზება კლავს კრეატივს და მასწავლებელს ინსტრუქციების შემსრულებლად აქცევს|სფეროს სპეციალისტი
სასკოლო სისტემის გადამეტებული კონტროლი პირდაპირ დარტყმას აყენებს სწავლების ხარისხს და მასწავლებლის პროფესიულ თავისუფლებას - ამის შესახებ BMG-სთან განათლების სფეროს სპეციალისტი მუხრან გულიაშვილი საუბრობს.
მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში განათლების სამინისტროს მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევისა და გამოცემის პროცესის სრულ სახელმწიფო კონტროლს გულისხმობს, უკან გადადგმული ნაბიჯია. მუხრან გულიაშვილის თქმით, მიდგომა, როდესაც სახელმწიფო მკაცრად განსაზღვრავს ერთ კონკრეტულ რესურსს, პედაგოგებს აკარგვინებს მოტივაციას, სახელმძღვანელოს ფარგლებს გასცდნენ.
„როცა პოლიტიკაა ისეთი, რომ სახელმწიფო ცენტრალიზებულად აკეთებს ამას და მისი სურვილია, ზუსტად ის იცოდეს მოსწავლემ, რაც წიგნში წერია, ეს გარკვეულწილად არაპირდაპირი მითითებაა მასწავლებლისთვისაც, რომ იყოს ნაკლებად კრეატიული. ეს აჩენს განცდას, რომ რაც წიგნშია, ზუსტად ისე უნდა იქნეს გადაცემული და დაზეპირებული ბავშვებისთვის,“ - აცხადებს მუხრან გულიაშვილი BMG-სთან.
მისივე თქმით, ეს მიდგომა განსაკუთრებით საზიანოა მოსწავლეებისთვის, რადგან თანამედროვე განათლების მთავარი მიზანი კრიტიკული აზროვნების განვითარება უნდა იყოს და არა ფაქტების მექანიკური დამახსოვრება.
ამასთან, გულიაშვილი მიიჩნევს, რომ ბეჭდური სახელმძღვანელო ვერასდროს იქნება ისეთივე ოპერატიული, როგორიც თანამედროვე ციფრული რესურსებია. შესაბამისად, ცენტრალიზებული მიდგომა, რომელიც მასწავლებელს წიგნზე აჯაჭვებს, ახალი ცოდნის მიწოდებას აფერხებს.
„ვერ წარმომიდგენია, ინტერნეტ რესურსების ეპოქაში სახელმძღვანელომ როგორ შეიძლება კონკურენცია გაუწიოს რეალობას. შეიძლება, რაც გუშინ დაიწერა წიგნში, დღეს უკვე შეიცვალოს - ახალი არქეოლოგიური თუ მათემატიკური კვლევა გამოქვეყნდეს, რომელიც მასში ასახული არ არის. ცენტრალიზება კი ბიძგია მასწავლებლისთვის, რომ ნაკლებად მოიძიოს ახალი რესურსი“ - ამბობს მუხრან გულიაშვილი.
მისივე შეფასებით, განათლების სისტემის წარმატებისთვის არა კონტროლი, არამედ პროფესიონალი კადრების შერჩევა და მათდამი ნდობაა საჭირო.
ამასთან, როგორც გულიაშვილი აცხადებს, სკოლების დეცენტრალიზაცია აუცილებელია, რათა დირექტორებს ავტონომია ჰქონდეთ, თავად გამოავლინონ და წაახალისონ საუკეთესო პედაგოგები პრაქტიკული საქმიანობის საფუძველზე და არა მხოლოდ, ფორმალური დიპლომების მიხედვით.
„ყველაზე მნიშვნელოვანია კარგი მასწავლებლების შერჩევის მოფიქრებული სქემა, რაც დღეს არ არსებობს. მასწავლებლობა არის შინაგანი ქარიზმა და მუდმივი სწავლის სურვილი. ცენტრალიზებული სისტემა კი პირიქით - ახალისებს სტაგნაციას და კლავს მოტივაციას,“ - ამბობს მუხრან გულიაშვილი BMG-სთან.
„ქართული ოცნება“ მის მიერ შემუშავებული ზოგადი განათლების კონცეფციის თანახმად, „თავისუფალმა და კონკურენციის ხელშეწყობის პოლიტიკამ ვერ უზრუნველყო ისეთი მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოების შექმნა, რომელიც მოსწავლეს თითოეული საგნისთვის აუცილებელ საბაზისო ცოდნას, სისტემური აზროვნების და ღრმა გაგების უნარს მისცემდა", ამიტომ, სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოებს თავად შეადგენს. ახალი სახელმძღვანელოები სახელმწიფომ 2028 წლის სასწავლო სეზონისთვის უნდა შეიმუშაოს.
BM.GE
წყარო: bm.ge