
სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი ვაჭრობა იწყება
სომხეთსა და თურქეთს შორის პირდაპირი საბაჟო პროცედურები და ტვირთბრუნვა შესაძლებელი გახდა. არსებული ინფორმაციით, ბიუროკრატიული და ტექნიკური მომზადება 2026 წლის 11 მაისს დასრულდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება თურქეთის მიერ მიღებულ იმ ახალ რეგულაციას, რომელიც ტვირთების დანიშნულების ადგილად პირდაპირ „სომხეთის“ მითითებას უშვებს. მანამდე თურქული კანონმდებლობა სომხეთს საექსპორტო დანიშნულების ქვეყნად არ ცნობდა. ამის გამო, თურქეთიდან გაგზავნილი საქონელი სომხეთში მხოლოდ მესამე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს გავლით და ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ შედიოდა.
როგორც ირკვევა, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის ნაწილია. სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ ტვირთების ხელახალი განბაჟება საჭირო აღარ იქნება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ონჯუ ქეჩელის განმარტებით კი, ეს ურთიერთნდობის განმტკიცების იმ ხანგრძლივი პროცესის ლოგიკური შედეგია, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო.
სომხეთის საგარეო უწყებაში აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება რეგიონულ ეკონომიკურ კავშირებსა და ბიზნესურთიერთობებს გააძლიერებს. პრესსპიკერ ანი ბადალიანის თქმით, ეს პროცესი დიპლომატიური ურთიერთობების სრულ აღდგენასაც შეუწყობს ხელს.
საყურადღებოა, რომ ამჟამად საერთო სახმელეთო საზღვრის გახსნისთვის საჭირო ტექნიკური სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მხარეებმა გიუმრი-ყარსის ელექტროგადამცემი ხაზისა და სარკინიგზო პროექტების განხორციელებაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ასევე იგეგმება საჰაერო ფრენების რაოდენობის გაზრდა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის საზღვრის გახსნის დაჩქარება.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა და თურქეთის პრეზიდენტმა ურთიერთობების წინაპირობების გარეშე გაგრძელებისთვის მზადყოფნა გასულ წელს დაადასტურეს. მათივე შეფასებით, ეს ნაბიჯები რეგიონული მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1991 წლიდან არ არსებობდა. ანკარას ინიციატივით, ქვეყნებს შორის სახმელეთო საზღვარი 1993 წელს ჩაიკეტა. ვითარების გამოსწორებაზე კი სპეციალური წარმომადგენლები 2021 წლის დეკემბრიდან მუშაობდნენ.