მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი გააუმჯობესა
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი გააუმჯობესა

S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი გააუმჯობესა

BM.GE8 აგვისტო, 2026, 04:16|bm.ge

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა. ამასთან, სააგენტომ საქართველოს გრძელვადიანი და მოკლევადიანი სუვერენული საკრედიტო რეიტინგები „BB" დონეზე დაადასტურა.

სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საკრედიტო მაჩვენებლები ბოლო პერიოდში გაუმჯობესდა, რასაც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შედარებით კონსერვატიული მართვა, ასევე შიდა მოთხოვნის მდგრადობა.

S&P-ის პროგნოზით, 2026-2029 წლებში საქართველოს ზოგადი მთავრობის დეფიციტი ზომიერი დარჩება, ხოლო სახელმწიფო ვალი მშპ-ის 30%-ზე ოდნავ მაღალ ნიშნულზე გაიზრდება.

რეზერვების ზრდა და საგარეო პოზიციის გაუმჯობესება

S&P Global-ის შეფასებით, საქართველოს საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნად გაძლიერდა საერთაშორისო რეზერვების დაგროვების შედეგად. სააგენტო მიიჩნევს, რომ რეზერვების ზრდამ ქვეყანა საგარეო შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კვლავ აქვს მნიშვნელოვანი საგარეო დაფინანსების საჭიროებები.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ივლისში დაახლოებით 7.1 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად დაახლოებით 52%-იანი ზრდაა და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

S&P-ის შეფასებით, რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვებმა, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სხვა მომსახურების ექსპორტის ზრდამ, ფულადი გზავნილების მაღალმა მოცულობამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა.

სააგენტოს მონაცემებით, ეროვნულმა ბანკმა 2025 წელს 2.4 მილიარდი დოლარის, ხოლო 2026 წლის ივნისამდე დამატებით 2.1 მილიარდი დოლარის უცხოური ვალუტა შეიძინა.

ეკონომიკური ზრდა

S&P-ის შეფასებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 8.3% შეადგინა, რაც სააგენტოს მიხედვით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

სააგენტო ელოდება, რომ 2026 წელს ზრდა დაახლოებით 6.4% იქნება, რაც წინა პროგნოზთან 5.4%-თან შედარებით, რაც 2026 წლის თებერვალში იყო ნავარაუდევი 1 პროცენტული პუნქტით მეტია. პროგნოზის მიხედვით, ზრდის მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი კვლავ მოხმარება იქნება. საშუალოვადიან პერიოდში კი ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 5%-იან პოტენციურ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

S&P აღნიშნავს, რომ მისი საბაზისო პროგნოზი არ ითვალისწინებს Eagle Hills-ის პოტენციურ, დაახლოებით 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას. სააგენტოს შეფასებით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მას შეუძლია ეკონომიკურ ზრდაზე, ინვესტიციებსა და საშუალოვადიან ნდობაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა მოახდინოს.

ფისკალური მაჩვენებლები

სააგენტო საქართველოს ფისკალურ პროფილს ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის ერთ-ერთ ძლიერ მხარედ აფასებს.

S&P-ის პროგნოზით, მთავრობის დეფიციტი საშუალოვადიან პერიოდში მშპ-ის დაახლოებით 2%-3%-ის ფარგლებში დარჩება, ხოლო წმინდა სახელმწიფო ვალი მშპ-ის 30%-ზე ოდნავ მაღალ ნიშნულზე დასტაბილურდება.

სააგენტოს განცხადებით, ვალის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი გრძელვადიან და შეღავათიან ოფიციალურ დაფინანსებაზე მოდის, რაც ამცირებს რეფინანსირებისა და ვალის გადაფარვის რისკებს.

S&P ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ვალის დაახლოებით ორი მესამედი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული, თუმცა ამ წილის შემცირების ტენდენცია გრძელდება.

მიმდინარე ანგარიში

S&P-ის შეფასებით, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა. 2025 წელს ის მშპ-ის 2.6%-მდე ჩამოვიდა, მაშინ როდესაც დაახლოებით ათი წლის წინ 10%-ს აჭარბებდა.

სააგენტო ამ გაუმჯობესებას მომსახურების ექსპორტის, მათ შორის IT-ის, ტურიზმისა და ლოგისტიკის, ზრდას, ფულადი გზავნილების შემოდინებასა და საქონლის ექსპორტის ზრდას უკავშირებს.

2026 წელს S&P მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის 3.5%-მდე ზრდას ელოდება, რაც, სააგენტოს შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების შედარებით შესუსტებასა და სასაქონლო ფასების ზრდას უკავშირდება.

ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა

S&P-ის ინფორმაციით, წლიურმა ინფლაციამ 2026 წლის ივლისში 5.2% შეადგინა, ივნისში დაფიქსირებული 5.8%-ის შემდეგ.

სააგენტოს შეფასებით, ბოლო პერიოდში ინფლაციურ წნეხზე გავლენა იქონია საბაზისო ეფექტებმა, ტრანსპორტის, სურსათისა და კომუნალური მომსახურების ფასების ზრდამ.

S&P ვარაუდობს, რომ საბაზისო ეფექტების ამოწურვისა და შიდა მოთხოვნის ნორმალიზების პარალელურად, ინფლაციური წნეხი თანდათან შემცირდება. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შედეგად ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა დეზინფლაციის პროცესი შეანელოს.

პოლიტიკური გარემო რეიტინგში კვლავ ერთ-ერთ მთავარ სისუსტედ ნარჩუნდება

S&P-ის შეფასებით, საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია კვლავ მაღალია, თუმცა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქტივობის ინტენსივობა შემცირებულია.

სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან და რამდენიმე დასავლელ პარტნიორთან საქართველოს ურთიერთობები დაძაბულია და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

ამასთან, S&P-ის შეფასებით, აღნიშნულ პოლიტიკურ ვითარებას ამ დრომდე მნიშვნელოვნად არ შეუფერხებია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ან მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა.

სააგენტო საქართველოს რეიტინგის შეზღუდვად ასევე ასახელებს ერთ სულ მოსახლეზე შედარებით დაბალ შემოსავლებსა და საგარეო პოზიციის ჯერ კიდევ განვითარებად მდგომარეობას. ამ უკანასკნელში S&P გამოყოფს იმპორტზე დამოკიდებულებას, მნიშვნელოვან საგარეო ვალდებულებებსა და დოლარიზაციის ჯერ კიდევ ზომიერ დონეს.

ამ ფაქტორებს, სააგენტოს შეფასებით, ნაწილობრივ აბალანსებს მთავრობის შედარებით დაბალი ვალი, მცურავი გაცვლითი კურსი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან შეღავათიანი დაფინანსების მიღების კარგი შესაძლებლობა.

რა შემთხვევაში შეიძლება რეიტინგი შეიცვალოს

S&P-ის პოზიტიური პერსპექტივა მიუთითებს, რომ მომდევნო პერიოდში საქართველოს რეიტინგის ზრდის შესაძლებლობა არსებობს.

სააგენტოს განცხადებით, რეიტინგის ზრდის საფუძველი შესაძლოა გახდეს საგარეო ბუფერების შემდგომი გაძლიერება, მათ შორის უცხოური ვალუტის რეზერვების გაგრძელებული დაგროვება, ან მოსალოდნელზე უკეთესი ფისკალური შედეგები.

ამასთან, რეიტინგის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან პირობად S&P ქვეყნის შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ახალი ესკალაციის არქონას ასახელებს.

საპირისპიროდ, სააგენტომ შესაძლოა პერსპექტივა კვლავ „სტაბილურამდე“ შეამციროს, თუ პოლიტიკური დაძაბულობა ინვესტორთა ნდობაზე უარყოფითად აისახება და ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა გაუარესდება. ამ ეტაპზე S&P არ ელოდება 2022 წლის შემდეგ ქვეყანაში შემოსული მნიშვნელოვანი კაპიტალისა და მიგრაციის ნაკადების სრულ უკუქცევას.

ამრიგად, S&P Global-ის ახალი შეფასებით, საქართველოს საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე რჩება, თუმცა პერსპექტივის „პოზიტიურამდე“ გაუმჯობესება მიუთითებს, რომ სააგენტო ქვეყნის ფისკალური და საგარეო პოზიციების შემდგომი გაძლიერების შემთხვევაში რეიტინგის ზრდის შესაძლებლობას განიხილავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

8 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

8 აგვისტო: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

S&P Global-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა

S&P Global-მა საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.4%-მდე გაზარდა

BM.GE

მთავრობის ადმინისტრაციის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; პარლამენტის და სხვა უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

მთავრობის ადმინისტრაციის; პრეზიდენტის ადმინისტრაციის; პარლამენტის და სხვა უწყებების შენობებზე დროშები დაეშვა

BM.GE

როგორ ჩავაქროთ ქვეყანა 3-ჯერ 12 დღეში? - ნიკა ალავიძის ბლოგი

როგორ ჩავაქროთ ქვეყანა 3-ჯერ 12 დღეში? - ნიკა ალავიძის ბლოგი

BM.GE