
"სუბსიდირება ძალიან გახანგრძლივდა" - გიორგი მარგველაშვილი
"სუბსიდირება ძალიან გახანგრძლივდა", - ამის შესახებ „თბილღვინოს“ დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, ჭარბმა სუბსიდირებამ ბაზარზე ჭარბი წამრმოება გამოიწვია.
„იყო პერიოდი როცა ეს აუცილებელი იყო, მაგრამ სუბსიდირება ის ინსტრუმენტია, რომელიც შედარებით უფრო მოკლე ვადაზე უნდა ყოფილიყო გამოყენებული და დასრულებულიყო. რა თქმა უნდა, სუბსიდირების გახანგრძლივების ნეგატიური, გვერდითი ეფექტი არის ჭარბწარმოება და სახელმწიფოც ალბათ, ცდილობს, რომ რაღაც გადაწყვეტილებები იპოვოს. იმიტომ, რომ ამ გახანგრძლივებულმა ჭარბმა სუბსიდირებამ გამოიწვია იმაზე მეტი ყურძნის წარმოება... ამით სარგებლობდნენ ალბათ, გარკვეული მევენახეები და იმაზე მეტ მოსავლიანობას ქმნიდნენ ერთ ჰექტარზე, ვიდრე ეს შესაფერისი იყო“ - ამბობს BMG-სთან გიორგი მარგველაშვილი.
კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა სუბსიდირების პროგრამიდან დროული გამოსვლა, გიორგი მარგველაშვილი პასუხობს, რომ დარგის წარმომადგენლები ამ რეკომენდაციით წლების განმავლობაში მიმართავდნენ ხელისუფლებას.
"ქართული ღვინის ექსპორტი მნიშვნელოვნად იზრდება, ქართულ ღვინოზე მოთხოვნა იზრდება, შესაბამისად, იმის პრობლემა, რომ ხარისხიანი ყურძენი ჩაუბარებელი აღარ დარჩეს, წლიდან წლამდე უფრო მცირდებოდა რადგან ბაზარი ასწორებს ამას“ - აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
2025 წლის რთველში მთავრობამ სუბსიდირების მექანიზმი შეცვალა - თუკი წარსულში სუბსიდია გაიცემოდა კერძო კომპანიებზეც, რომლებიც ყურძენს მთავრობის მიერ დადგენილ ფასად იბარებდნენ, 2025 წელს "ჭარბი ყურძნის" ჩაბარება მხოლოდ "მოსავლის მართვის კომპანიაში" განხორციელდა და მთავრობამ პირდაპირი სუბსიდია გასცა, კგ საფერავზე 1.5 ლარის, სხვა ყურძენზე 1.2 ლარის, დაზიანებულ ყურძენზე კი 1 ლარის ოდენობით.
2025 წელს მოსავალი დამოუკიდებლობის ისტორიაში რეკორდული იყო და 330,000 ტონას მიაღწია და კერძო კომპანიებმა 170,000 ტონა ჩაიბარეს, დანარჩენი კი სახელმწიფო კომპანიამ, რაც იმას ნიშნავს რომ მოსავლის ნახევარზე მეტი მთავრობამ გადასახადის გადამხდელებისგან მიღებული სახსრებით დააფინანსა. აქედან გამომდინარე, 2025 წელს რთველის სუბსიდია რეკორდულად ძვირი დაჯდა და 247.1 მილიონ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2024 წელს გაცემული სუბსიდია ხუთჯერ ნაკლები იყო და 54 მილიონ ლარს შეადგენდა.