
სუბსიდირების შედეგად, ბაზარზე საჭიროზე ორჯერ მეტი ყურძენია - ნუგზარ ქსოვრელი
ყურძნის მრავალწლიანმა სუბსიდირებამ ბაზარზე მძიმე რეალობა შექმნა - საქართველოში იმაზე ბევრად მეტი ვენახი გაშენდა, ვიდრე ამის საბაზრო მოთხოვნა არსებობს, - ამის შესახებ BMG-სთან „ზიარი ფერმის“ დამფუძნებელი ნუგზარ ქსოვრელი საუბრობს.
მისი თქმით, მევენახეები ვენახებს ბაზრის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად აშენებენ, ხოლო როდესაც პროდუქციის რეალიზაციას ვერ ახდენენ, სახელმწიფოსგან ითხოვენ მოსავლის შესყიდვას.
„ეს არის საბჭოთა გეგმური ეკონომიკის გადმონაშთი. ბიზნესი იწყება უკუგათვლით - ბაზრის მოთხოვნის შესწავლით. დღეს კი სახელმწიფოს ჩარევამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვაწარმოებთ იმაზე მეტ ყურძენს, ვიდრე დარგს გადამუშავება შეუძლია. მერე სახელმწიფო გადასახადების გადამხდელების ფულით ყიდულობს ამ ზედმეტ ყურძენს და მიღებულ სპირტს თუ ღვინოს ორჯერ იაფად ყიდის. ეს არის ხალხის ფულის ჰაერში გასროლა“, - აცხადებს ქსოვრელი BMG-სთან.
მისი თქმით, დღეს საქართველოში საბაზრო საჭიროებაზე ორჯერ მეტი ყურძნის მოსავალია, რასაც სახელმწიფო იბარებს, ფასებს აწესებს და არათანაბარ კონკურენციას ქმნის.
„ეს ხელს უშლის კეთილსინდისიერ მეწარმესაც, იმიტომ რომ ბაზარზე არაკეთილსინდისიერი კონკურენციაა - სახელმწიფო ყიდულობს ყურძენს, ამუშავებს... მესმის, რომ პირდაპირ ღვინოს შეიძლება არ ყიდის (თუმცა, ღვინის აუქციონზე გამოტანის ფაქტებიც არის), მაგრამ ყიდის სპირტს. სპირტიც ჩვეულებრივი ბიზნესია, ძალიან ბევრი მეწარმე ამ ბიზნესშიც არის, რომელიც საბრენდე სპირტს ამუშავებს და ყიდის. რაღაც უნდა გაკეთდეს იმგვარად, რომ ამ ბიზნესებში სახელმწიფო საერთოდ არ ერეოდეს - სახელმწიფოს საქმე არ არის ბიზნეს ურთიერთობებში, გლეხებსა და ყურძნის გადამმუშავებლებს შორის ჩარევა“, - ამბობს ნუგზარ ქსოვრელი.
მისივე შეფასებით, ბაზარზე ჭარბი ყურძნის არსებობა პერმანენტული სუბსიდირების შედეგია.
„ბევრად მეტ ყურძენს ვაწარმოებთ, ბევრად მეტი ვენახები გვაქვს, ვიდრე საქართველოს შეუძლია გადაამუშაოს და ვიდრე, ამდენი მომხმარებელი გვყავს. ამიტომაც ერევა სახელმწიფო. აქედან თუ არ გამოვედით, ამ ვითარებიდან ვერასდროს გამოვალთ და ეს მუდმივი იქნება - როდესაც ყურძნის მწარმოებლები აწარმოებენ ყურძენს, რომელიც არავის სჭირდება. სანამ არ გადავალთ საბაზრო ეკონომიკაზე და სანამ არ მივხვდებით, რომ საბჭოთა კავშირი დამთავრდა, ვითარება არ შეიცვლება.
მესმის, რომ სოციალური თემაა, მაგრამ ადამიანი, რომელსაც რამდენიმე ჰექტარი ვენახი აქვს, კიდევ აშენებს და სახელმწიფოდან ითხოვს, რომ „გინდა თუ არა, შენ მომიგვარე ბიზნეს ურთიერთობები, პროდუქცია შენ გაყიდე“ - საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი იყო. სამეტაპიანი იქნება ფასები, ორ ნაწილად გაიყოფა თუ ერთ ნაწილად, მაგას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა - რეალურად, უნდა ვიმსჯელოთ იმას, თუ რამდენად გვზარალებს ეს სუბსიდია და რამდენი ფული მიდის იმაში, რომ მევენახეებმა კიდევ გააშენონ ვენახები“, - ამბობს ნუგზარ ქსოვრელი.
საქართველოს მთავრობა კერძო სექტორის მიერ ჩაუბარებელ ყურძენს ფერმერებისგან წელსაც შეისყიდის, მაგრამ ფასი სამ კატეგორიად დაიყოფა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, თუ კერძო სექტორი ყურძნის შესყიდვის ინტერესს არ გამოხატავს, შესასყიდ ფასებს, შაქრიანობის მიხედვით, სახელმწიფო განსაზღვრავს. ფასების დიფერენცირება „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონის შესაბამისად, ნებადართული ჯიშების ყურძნის შემთხვევაში, შაქრიანობის პროცენტული მაჩვენებლით მოხდება.
“თუ შაქრიანობა აღემატება 20%-ს, ფასი 1.30 ლარია; 17%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში - 0.80 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი.
რაც შეეხება საფერავს, 22%-ზე მეტი შაქრიანობის შემთხვევაში ფასი 1.50 ლარია, 17%-დან 22%-მდე - 0.90 ლარი, ხოლო 17%-ზე ნაკლების შემთხვევაში - 0.30 ლარი”, - აცხადებენ სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ რთველის 2025-ის ფარგლებში მთავრობას, სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით, 145 742 918 კილოგრამი ყურძნის შეძენა მოუწია, რითაც ბიუჯეტის 241 მილიონი ლარი დახარჯა. რაც შეეხება, რთველი 2026 წლის სუბსიდირების პოტენციურ ბიუჯეტს, ღვინის სააგენტოში განმარტავენ, რომ კონკრეტული რიცხვების დასახელება ამ ეტაპზე ნაადრევია.
BM.GE
წყარო: bm.ge