
ტარიფების შედარების პლატფორმა მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კონკურენტული გარემო შექმნას შეუწყობს ხელს - თურნავა
საგადახდო მომსახურებისა და დეპოზიტების ტარიფების შედარების ახალი პლატფორმა ხელს შეუწყობს მომხმარებელს ინფორმირებულ არჩევანზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილება მიიღოს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სებ-ის ახალი პლატფორმის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, ახალი პლატფორმა კიდევ ერთი ნაბიჯია ფინანსური სექტორის გამჭვირვალობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვის და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს განვითარების მიმართულებით, რაც ეროვნული ბანკის პრიორიტეტია.
„ამ მიზანს ემსახურება ჩვენი ინიციატივაც - საგადახდო მომსახურების ტარიფებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთების შედარების ახალი პლატფორმა, რომელიც მომხმარებელს პირველად აძლევს შესაძლებლობას, ერთიან სივრცეში, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე მოიძიოს, შეადაროს და შეაფასოს ბაზარზე მოქმედი საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ტარიფები და საკომისიოები, ასევე სხვადასხვა ბანკში დეპოზიტებზე შეთავაზებული საპროცენტო სარგებლიდან შეარჩიოს დანაზოგის განთავსების ყველაზე ხელსაყრელი შესაძლებლობა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პლატფორმა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კონკურენტული გარემოს გაძლიერებაში, რაც საბოლოოდ, ხელს შეუწყობს როგორც მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე სამართლიანი და ეფექტიანი ბაზრის განვითარებას.
სებ-ის პრეზიდენტის თქმით, ახალი პლატფორმა, რომელზეც მუშაობა ორი წლის წინ ევროკავშირის დირექტივების შესრულების პროცესში დაიწყო, სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებში მოქმედი მსგავსი პლატფორმები შესწავლისა და საუკეთესო პრაქტიკების გამოცდილების გაზიარებით შეიქმნა.
„გვჯერა, რომ ეს იქნება პრაქტიკული და ძალიან სასარგებლო ინსტრუმენტი მომხმარებლებისა და ფინანსური ბაზრის მონაწილეებისთვის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უფრო ღია, გამჭვირვალე და კონკურენტული ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბებისკენ, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, ფინანსური გადაწყვეტილებები სრულყოფილ და ობიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მიიღოს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
