
თბილისი-რუსთავი, თბილისი-მცხეთა, თბილისი-ლილო - რა პერსპექტივა აქვს City Train-ს?
“მგზავრთა გადაყვანისთვის შესაძლოა რკინიგზის არსებულ ხაზზე პარალელური ლიანდაგებიც მოეწყოს”- ურბანული ლაბორატორიის ხელმძღვანელი თბილისის ახლომდებარე მუნიციპალიტეტებთან სარკინიგზო ხაზით დაკავშირებადობის შესახებ აცხადებს, რომ პროექტი არ საჭიროებს ახალი ხაზების მშენებლობას და შესაძლოა განხილული იყოს დამატებითი პარალელური ლიანდაგების მოწყობის შესაძლებლობაც იმ ტერიტორიების ხარჯზე, რომლებიც დღეს გამოუყენებელი დეპოებითა და საწყობებითაა დაკავებული.
გიორგი ბაბუნაშვილი ამბობს, რომ ახალ პროექტს რამდენიმე უპირატესობა აქვს, მათ შორის მოქნილობა და პერსპექტივაში სავსებით შესაძლებელია მომსახურების არეალის გაფართოება კასპისა და გორის მიმართულებითაც.
როგორც ცნობილია, თბილისი-რუსთავის და თბილისი-მცხეთის, ასევე თბილისი-ლილოს და თბილისი-აეროპორტის მიწისზედა საქალაქო მატარებლის სისტემის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადების მიზნით აზიის განვითარების ბანკმა საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შერჩეულმა კონსულტანტმა კვლევის ფარგლებში უნდა განისაზღვროს სარკინიგზო დერეფნების განვითარების ოპტიმალური ვარიანტები რუსთავის, მცხეთის, მარნეულის, ლილოს აღმოსავლეთ ნაწილისა და ფონიჭალის მიმართულებებით. ძირითადი აქცენტი არსებული სარკინიგზო ქსელის გამოყენებაზე გაკეთდება, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა ახალი მონაკვეთების ან შემოვლითი ხაზების მშენებლობაც განიხილონ.
“მთავარი განსხვავება ამ პროექტს და წინა პროექტს შორის, რომელიც მიწისზედა მეტროს სისტემას ეხებოდა, არის თავად დასახელებაში. იქ საუბარი იყო მეტროზე, ანუ ცალკე ხაზზე. მეტროპოლიტენი მოითხოვს ცალკე ლიანდაგს, ცალკე ენერგომომარაგებას და ა.შ. ანუ, ფაქტობრივად, ეს იყო ნულიდან აშენება იმ ინფრასტრუქტურის, რომელიც სარკინიგზო ხაზს პარალელურად გაჰყვებოდა. შესაბამისად, მისი კაპიტალდანახარჯები იყო საკმაოდ მაღალი, იმიტომ რომ ის არ იყენებდა არსებულ ინფრასტრუქტურას…
ახალი პროექტი იძლევა ორ მნიშვნელოვან განსხვავებას. პირველი: ის იყენებს უკვე არსებულ სარკინიგზო ინფრასტრუქტურას, რომელიც, თბილისში გამჭოლად გადის. სარკინიგზო ხაზი, რომელიც ავჭალიდან ფონიჭალამდე თბილისს გასდევს, ის იშლება სამგორში, ე.წ საკვანძო სადგურში, სადაც სამი განშტოება მიდის. მიდის განშტოება კახეთისკენ, რომელიც გაივლის აეროპორტთან ახლოს, ლილოს, მათ შორის East Point-საც შეიძლება მოემსახუროს. ერთი განშტოება მიდის რუსთავში, გაივლის ე.წ აფრიკის დასახლებას, მიდის რუსთავში და შემდეგ მიდის გარდაბანში. ერთი განშტოება მიდის ფონიჭალაში და შემდეგ მარნეულში. ანუ აგლომერაცია, რომელიც ეკონომიკურად თბილისზეა მიბმული, უკვე არსებულ სარკინიგზო ხაზზე ზის, რომელიც იძლევა საშუალებას, რომ ეს ინფრასტრუქტურა ნულიდან კი არ შევქმნათ, არამედ გამოვიყენოთ.