
თბილისის შემოვლითი გზისთვის საგურამოში მიწის ექსპროპრეაცია მოხდება - ბრძანება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 17 აგვისტოს ბრძანებით, თბილისის შემოსავლელი გზის, წიწამური-ავჭალის მონაკვეთი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად განისაზღვრა და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვის უფლებამოსილება მიენიჭა.
ექსპროპრიაციის საკითხი ეხება მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოში მდებარე 10 000 კვადრატული მეტრი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის 6 890 კვადრატულ მეტრს. დოკუმენტის მიხედვით, მიწის ნაკვეთი პროექტის ზემოქმედების არეალში ხვდება და დეპარტამენტსა და მესაკუთრეებს შორის ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვაზე შეთანხმება ვერ შედგა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, დეპარტამენტს აღნიშნულ 6 890 კვადრატულ მეტრ ფართობზე ექსპროპრიაციის უფლების მოსაპოვებლად სასამართლოსთვის მიმართვა შეუძლია. ამასთან, მინისტრის ბრძანება თავად არ ახორციელებს საკუთრების ჩამორთმევას — დოკუმენტის მიხედვით, ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება სასამართლოს გადაწყვეტილებით ხდება.
ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობა წარმოადგენს იმ შემთხვევას, როდესაც აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის ექსპროპრიაცია დასაშვებია. ამასთან, საკუთრების ჩამორთმევა უნდა განხორციელდეს წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით.
ქონების გამოსყიდვასთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეპარტამენტის მიერ მოლაპარაკებების წარმოების მიუხედავად, შეთანხმება ვერ შედგა. ამავე დროს, თუ ექსპროპრიატორი და მესაკუთრე ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ვერ თანხმდებიან, საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს გზით არის შესაძლებელი.
რა პროექტისთვის არის საჭირო მიწის ნაკვეთი
საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში მიწის გამოსყიდვისა და ექსპროპრიაციის პროცედურების საჭიროება უკავშირდება თბილისის შემოსავლელი გზის მშენებლობას. თბილისის შემოვლითი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის, E60-ის, ნაწილია. პროექტის მიზნებს შორისაა სატრანზიტო ნაკადების ზრდა, დედაქალაქში სატრანსპორტო დატვირთვის შემცირება, მგზავრობის დროის შემცირება და რეგიონული და საერთაშორისო სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება.
წიწამური-ავჭალის მონაკვეთი, ამ გზის ერთ-ერთო ნაწილია. მისი სიგრძე დაახლოებით 7.3 კილომეტრია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მონაკვეთი იწყება წიწამურთან, მცირე ნაწილი არსებულ გზის დერეფანს მიუყვება, მცხეთის ჯვრის ზონაში არსებული დერეფნიდან გადადის, შემდეგ გვირაბში შედის და ავჭალის ტერიტორიაზე სრულდება.
პროექტი სამ ძირითად ნაწილად იყოფა: არსებული E-60-ის განახლება და ახალი წიწამურის სატრანსპორტო კვანძის მოწყობა, წიწამურსა და ავჭალას შორის დაახლოებით 3.3-კილომეტრიანი ორმაგი გვირაბის მშენებლობა და ავჭალის ტერიტორიაზე უფუნქციო რკინიგზის კორიდორთან მიერთება. არსებული E-60-ის 2+2 ზოლიან მონაკვეთზე 3+3 ზოლიანი მაგისტრალის მოწყობაა დაგეგმილი.
რამდენი ჯდება წიწამური-ავჭალის მონაკვეთის მშენებლობა
წიწამური-ავჭალის 7.3-კილომეტრიან მონაკვეთზე ტენდერი 2025 წლის დეკემბერში გამოცხადდა. მისი სავარაუდო ღირებულება 490 მილიონი ლარია. ამ ეტაპზე წინადადებების შეფასება მიმდინარეობს. ტენდერში არცერთ მონაწილეს 490 მილიონ ლარზე დაბალი ფასი არ დაუფიქსირებია — წარმოდგენილი შეთავაზებები 520 მილიონი ლარიდან 952 მილიონ ლარამდე მერყეობს.
თბილისის შემოსავლელი გზის მეორე მონაკვეთის, ავჭალა-აეროპორტის, სიგრძე 22.5 კილომეტრია. მის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში რვა კომპანია მონაწილეობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 932 მილიონი ლარია, ხოლო წარმოდგენილი ფასები 950 მილიონი ლარიდან 1.16 მილიარდ ლარამდე მერყეობს. წინადადებების შეფასება ამ შემთხვევაშიც მიმდინარეობს.
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის მეოთხე და მეხუთე ლოტებზე კი საერთაშორისო ტენდერების დასრულების ვადა 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. აღნიშნული ორი ლოტი აზიის განვითარების ბანკის (ADB) კრედიტით დაფინანსდება და მათი ჯამური ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მეოთხე და მეხუთე ლოტებზე საერთაშორისო ტენდერები 19 ივნისს გამოაცხადა. თავდაპირველი პირობებით, დაინტერესებულ კომპანიებს ინტერესის გამოხატვა 3 აგვისტომდე შეეძლოთ.
კონკრეტულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ექსპროპრიაციის პროცედურის შემდეგი ეტაპი სასამართლოსთვის მიმართვაა. მინისტრის ბრძანების გასაჩივრება კი შესაძლებელია მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
BM.GE
წყარო: bm.ge